ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების კიდევ ერთ მოთხოვნას ითვალისწინებს. საუბარია მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისთვის საჭირო სახარჯი მასალის საფასურის ცალკე ანაზღაურებაზე.
როგორც ცნობილია, „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ, პაციენტს „ვიპ“ პალატის ან მისთვის სასურველი სახარჯი მასალის მოთხოვნის უფლება არ აქვს, რაც მანამდე, თანხის დამატებით შესაძლებელი იყო.
ახლა კი, თუ პაციენტს სურს დამატებითი სერვისების მიღება, ამისთვის ის ერთჯერადად, კონკრეტული სამედიცინო ჩარევისთვის უნდა გამოვიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და მთელი ოპერაციის ღირებულება თავად გადაიხადოს. ანუ, თუ მანამდე პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით სარგებლობდა, ხოლო დამატებითი სერვისების მისაღებად თანხას თავად ამატებდა, ახლა მას ამის უფლება არ აქვს და უნდა აირჩიოს: ან დარჩეს სახელმწიფო პროგრამაში და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და სახარჯ მასალებს დასჯერდეს, ან ერთჯერადად გამოვიდეს საყოველთაოდან და მთელი ოპერაციის ხარჯები დამატებით სერვისებთან ერთად თავად დაფაროს.
სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობების ძირითადი ნაწილი, რომელმაც „დიარჯის“ ამოქმედების პირველივე დღეებში იჩინა თავი.
კლინიკების ნაწილი ერთერთ გამოსავლად სახარჯი მასალების ცალკე დაფინანსებას ასახელებს. სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს ახლა ჯანდაცვის სამინისტრო.
„არის გარკვეული მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი სახარჯი მასალები აქვთ და ამ სახარჯი მასალის გამოტანას განვიხილავთ ცალკე იმისთვის, რომ ოპერაცია ცალკე დაფინანსდეს და სახარჯი მასალა ან სახელმწიფომ შეისყიდოს, ან ბაზრის კვლევით განვსაზღვროთ ფასი და კონკრეტულად სახარჯი მასალა ავუნაზღაუროთ ცალკე,“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.