„თურმანიძე“ და „სალხინო“ აღარ გაიყიდება

2022-12-15 11:30:28

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო საქართველოში რეგისტრირებულ 43 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეეზღუდა. მათ შორის არის „თურმანიძე“ და „სალხინოც“. როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განაცხადა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება, 2023 წლიდან კი ქსელში აღნიშნული საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქცია აღარ გაიყიდება.
„გაჩერებული საწარმოების რაოდენობა გაიზარდა 43-მდე,ახალი სტანდარტით იცით, რომ მუშაობს მხოლოდ ორი ქარხანა და მაქსიმუმ ორი დაემატება კიდევ წლის ბოლომდე. დანარჩენი წარმოებები ვინც დღეს აგრძელებს ოპერირებას წლის ბოლოსთვის დაიხურებიან და შეაჩერებენ თავიანთ მუშაობას. ამჟამად დაშვებულია ბოლო სერიების გაყიდვა, მაგრამ დადგება დრო, როცა ეს მარაგები ამოიწურება და ადგილობრივი ბაზრიდან პროდუქცია გაქრება.

თუ ეს არის მცენარეული მიმართულება, მათ შეიძლება შეიცვალონ პროფილი და აღნიშნული სამკურნალო საშუალებები გადაიტანონ როგორც საკვები დანამატი, ამ შემთხვევაში აღნიშნული სტანდარტის მოთხოვნა აღარ იქნება საჭირო, თუმცა ეს გამოსავალი არ არის, ბევრი ამას ვერ შეძლებს, ბევრი არის ასე ვთქვათ ქიმიური მიმართულებით წარმოებები, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქცია იყო ხელმისაწვდომი თუმცა მათ ვერ შეძლეს ახალ სტანდარტზე გადასვლა. აქ საუბარი არ არის 2 ლარზე, რამდენიმე მილიონზეა საუბარი რაც ბიზნესისთვის ცხადია რთული გასაწევი იყო.

ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წელს ვამბობდით რომ მომხდარიყო ეტაპობრივად გადასვლა ახალ სტანდარტზე, რაც გამოიწვევდა ამის თავიდან არიდებას, მაგრამ მაშინ ამაზე იმჟამინდელი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მხრიდან არ მოხდა“
- აცხადებს გოგიბერიძე.