"ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი"

2022-11-19 18:54:14

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისივე განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იყო 15 ნოემბრამდე, თუმცა ეს ვადა 22 ნოემბრამდე გაგრძელდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მონაცემების მიხედვით, ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი. ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევები 2009-2010 წლების პანდემიის H1-N1 ტიპის ვირუსის, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა არის H3-N2 ტიპის ვირუსი.

"საქართველოში რიგ შემთხვევებში, მეორე პიკი მარტში ფიქსირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ- იანვარია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელიც გამონაკლისი არ იქნება. იქნება თუ არა ეს მატება საშუალო მაჩვენებელზე მეტი, ამის შესახებ გარკვეული პროგნოზი ჯანმო-მ ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთა და დააფიქსირა, რომ პანდემიის მიმდინარეობისას 2-3 წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა. შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების დამცველობითი უნარი ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ მოლოდინი, რომ შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისი განმარტებით, ანალოგიური მატების მოლოდინი არსებობს კორონავირუსის და სხვა ტიპის ვირუსის მიმართაც, ამიტომ საკითხი, კონკრეტულ შემთხვევაში რა ტიპის ვირუსია რთული გასარჩევი იქნება.

"ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია - ტემპერატურის მკვეთრი მატება 38 და უფრო მეტი გრადუსი, ძლიერი სისუსტე კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით შედარებით განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისგან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს - ომიკრონისგან. მას არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებშიც შესაძლებელია ომიკრონის დროსაც მაღალი ცხელება დაფიქსირდეს. ასე რომ მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება ეს არის გრიპი თუ კორონავირუსი, ამიტომ იმ პაციენტებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოთავსება მოუწევთ, აუცილებელი იქნება ამ დიფერენცირების ჩატარება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია. გრიპის და კორონავირუსის მკურნალობა სრულიად სხვადასხვაა", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, თუკი კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებთან მიმართებით ნაკლებად ფიქსირდებოდა, გრიპთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა. წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 2 წლამდე ასაკის ბავშვი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება.

"შესაბამისად, გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია გართულებებისა და გამოსავლის მიხედვით, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს. ამიტომ, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისი განმარტებით, ზოგადად ჯანმო 2022-23 წლების სეზონზე სამი ტიპის ვირუსის გააქტიურებაზე საუბრობს და ჯანდაცვის სისტემას ურჩევს, რომ ყურადღება გაამახვილოს გრიპზე, კორონავირუსზე და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსზე.

"რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება და 2 წლამდე ბავშვებს აზიანებს, იწვევს სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე ბრონქოლიტს ან ფილტვების ანთებას. ამიტომ, თუ შარშან საუბარი იყო ორი ვირუსის: კორონავირუსის და გრიპის ერთდროულად არსებობაზე ჯანმო და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე მესამე ვირუსს ამატებს, რისი მაგალითიც აშშ-ში რამდენიმე კვირაა აღინიშნება", -აცხადებს ჩხაიძე.