უკანონო ტყითსარგებლობის 428 ფაქტი

2022-11-04 12:38:11
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 428 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 315 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 113 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 24 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 102 ფაქტი, გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 50 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 35, იმერეთში - 34, შიდა ქართლში - 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 16, ქვემო ქართლში - 15, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, გურიაში კი 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 103 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.