ნინო ლაცაბიძე რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა

2022-11-02 19:13:07

ნინო ლაცაბიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების  პროცესში,  რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული.  

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის - "მართე შენი ქალაქი" მესამე ეტაპი დასრულდა.

რუსთავის მერი,  დღეს პროექტის  მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.  ნინო ლაცაბიძე სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.

"რუსთავის მერიაში ძალიან საინტერესო პროგრამას ვახორციელებთ. ეს პროგრამა  წარმატებული აღმოჩნდა, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია დაინტერესება  ახალგაზრდების მხრიდან.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების  პროცესში,  რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული.  ეს პროგრამა, სწორედ ხელს უწყობს იმას, რომ ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრის დასასრულს, რუსთავის მერმა სტუდენტებს   სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა,   ძალიან დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდებისთვის. გავეცანით მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკას. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება", - განაცხადა პროექტის მონაწილე ნინო გოცირიძემ.

პროგრამა - "მართე შენი ქალაქი",  ქალაქის მართვაში სტუდენტების აქტიურ ჩართვას  ითვალისწინებს. ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მერიის სხვადასხვა სამსახურების სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებსა და  პროექტებში.