საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.