ფაროსანა რუსთავში გამოჩნდა

2017-10-10 11:31:21

მწერი ფაროსანა რუსთავშიც დააფიქსირეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ინფო რუსთავს“ ადგილობრივები უკავშირდებიან. მოსახლეობის განცხადებით, ფაროსანა ძირითადად, მე-20, 21-ე, მე-7 და მე-8 მკრ-ებში, საცხოვრებელი კორპუსების მაღალ სართულებზე შეხვდათ.

მოსახლეობა „ინფო რუსთავს“ ფოტო მასალასაც აწვდის. ერთ-ერთ ფოტოზე ფაროსანა, შარტავას ქუჩის საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზეა დაფიქსირებული.

ფაქტს ადასტურებენ ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურში. სამსახურის ხელმძღვანელის, მირანგულ ლიპარტელიანის განცხადებით რუსთავშიც და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონში ფაროსანა ფიქსირდება თუმცა, არის თუ არა მწერი აზიური სახეობის ჯერ დადგენილი არ არის. „რეგიონის მასშტაბით, მათ შორის რუსთავშიც ვატარებთ კვლევას, დავამონტაჟეთ სპეციალური მოწყობილობა ფერემონი, რომელიც იზიდავს და იჭერს მწერს. მწერის დაჭერის შემდეგ ჩატარდება კვლევა და გაირკვევა მწერის სახეობა“- აცხადებენ ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურში.