ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახედებს

2022-10-12 22:23:55

კომუნალური გადასახადების თემა ზამთრის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებულად აქტუალური ხდება.

"ინფო რუსთავმა" იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს, სოციალური მომსახურების სააგენტოსგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა.

მოწოდებულ ინფორმაციას სუბსიდირების წესთან დაკავშირებით უცვლელად გთავაზობთ:

"ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარები არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც არიან ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლები;

ელექტროენერგიის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა აბონენტების მიერ ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით და სუბსიდიის ოდენობა დიფერენცირებულია 2 სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის.

კერძოდ:

ა) "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 70 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახებისათვის იგი შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვეში და 2015 წლის ივლისის თვეში, შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობასა და დამატებით, 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრს, 2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით.

ბ) "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახებისათვის სუბსიდირების პროგრამა განსაზღვრულია მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში. სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრს (2022 წლის იანვრის თვესა და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობის გათვალისწინებით), ფაქტიურად მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, მაგრამ დასუბსიდირდება თვეში არაუმეტეს 200 კვტსთ. აღნიშნული სუბსიდირების პროგრამის მოსარგებლეები, მთელი წლის მანძილზე (ყოველთვიურად) არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახები, გარდა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ოჯახებისა. ხოლო, თბილისში მცხოვრები ოჯახებისათვის სუბსიდირების პროგრამა ვრცელდება მხოლოდ 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, იგივე პირობებით.

2. სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარები - ქ. თბილისში, ქ. რუსთავში და ქ. მცხეთაში მცხოვრები "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 70 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახები; სახელმწიფო სუბსიდირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში. სუბსიდიის ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის (ფაქტიური ხარჯის) მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 100 ლარისა.

3. ე.წ. "მაღალმთიანის სუბსიდირების" პროგრამის ბენეფიციარები: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ელექტროენერგიის მომხმარებელი საყოფაცხოვრებო კატეგორიის აბონენტები. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით, შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივი მოხმარების ოდენობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით მისადაგებული სამომხმარებლო ტარიფით გაანგარიშებული ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთ აბონენტზე თვეში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

4. ე. წ. "მრავალშვილიანის სუბსიდირების" პროგრამის ბენეფიციარები: სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ მინიმუმ ოთხი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, და რომელთა ოჯახებიც, ამავდროულად რეგისტრირებულნი არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 300 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით. მრავალშვილიანის სუბსიდიის (სოციალური შეღავათის) ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად არაუმეტეს 20 ლარს - ოჯახში 4 არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში, ხოლო მე-5 და თითოეულ მომდევნო არასრულწლოვან ბავშვზე - დამატებით არაუმეტეს 10 ლარს, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით, ანუ, არაუმეტეს ფაქტობრივი ხარჯისა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები