მოქალაქეების განცხადებით, აზიური ფაროსანა თბილისშიც შენიშნეს. როგორც ისინი ამბობენ, აზიურ ფაროსანას საცხოვრებელ სახლებში და პარკებში ნახულობენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ვაკის პარკში ლაბორატორიულ სინჯებს იღებენ, რის შემდეგაც გაირკვევა გავრცელდა თუ არა მავნებელი აღმოსავლეთ საქართველოში.
რუსთავში აზიური ფაროსანას გავრცელების ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
აზიური ფაროსანა - მავნებელი მწერი, რომელიც დაფრინავს და აზიანებს თითქმის ყველა სახის აგროკულტურას: მარცვლეულს, ხეხილს, ბოსტნეულს. აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს, სამეგრელოში გამოჩნდა და თხილს და მარცვლეულ კულტურებს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. 2017 წელს კი ფართოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოში: სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში. მიუხედავად შეწამვლის ღონისძიებებისა, აზიური ფაროსანა ნათესების გარდა შენობებშიც გავრცელდა. მაგალითად, ბათუმის რამდენიმე სკოლის და ბაღის შენობაში.