საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით 290,0 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი და 1 978,6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 293,7 მლნ ლარით.
"საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტი მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა და მისი წარდგენა დღეს, 3 ოქტომბერს დაიწყება.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში.
განათლების მიმართულებით თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე გამოყოფილი თანხების შესაბამისად:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 293,4 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136,0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;
პროფესიული განათლება - 87,4 მლნ ლარი. გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;
უმაღლესი განათლება - 148.5 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 75,8 მლნ ლარი. გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა;
ინკლუზიური განათლება - 42,6 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების ანალოგიურად გათვალისწინებულია სპეც. მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა 125 ლარით;
ინფრასტრუქტურის განვითარება - 229,0 მლნ ლარამდე. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 179,1 მლნ ლარამდე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 316,4 მლნ ლარამდე);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 50.0 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია "პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 10.1 მლნ ლარი.
მთავრობა განმარტავს, რომ 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 24,3 მლრდ ლარს, რაც საშუალებას იძლევა ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს.
მათ შორის განათლების მიმართულებით 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:
საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატი იზრდება 125 ლარით;
ასევე 125 ლარით იზრდება მანდატურების ხელფასებიც;
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
გათვალისწინებულია პროფესიული სასწავლებლების პედაგოთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა (15-დან 18 ლარამდე);
იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარამდე;
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან შემდგომი მუშაობის და განხილვების შედეგად, საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდება კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.