სანომრე ნიშნის გაცემის საფასური იზრდება

2022-10-03 13:00:52

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფასური 65 ლარით, სანომრე ნიშნის გაცემის საფასური კი 45 ლარით იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურების გაძვირება ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის ფონზე სააგენტოს დატვირთვას უკავშირდება.

კანონპროექტის თანახმად, 1-ელი იანვრიდან სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურები შემდეგი სახით იცვლება:

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა - 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;
ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა - 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა - 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.

საქართველოს მთავრობა ელის, რომ საფასურის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავალი დაახლოებით 40 მილიონი ლარი იქნება. ეს თანხა მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.

კანონი და შესაბამისად, მომსახურებებზე გაზრდილი საფასური 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგინა.