იცოდი? - როდის გამოჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთავში

2022-11-05 14:23:42

იცოდი? - რომ რუსთავში პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1948 წელს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დაბა რუსთავი გარდაბნის რაიონს გამოეყო და ქალაქის სტატუსი მიიღო.

თავდაპირველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ძველი რუსთავის ტერიტორიაზე ემსახურებოდა რუსთაველებს, რადგან იმ პერიოდისთვის ახალი რუსთავში აქტიური დასახლება არ არსებობდა.

პირველი ტრანსპორტი წითელზოლიანი ავტობუსები იყო.

მგზავრებს N1, N3, N6 და N7 ავტობუსები ემსახურებოდა.

მგზავრობის საფასური თავდაპირველად 3 კაპიკს შეადგენდა. ნელ-ნელა ქალაქის ზრდასთან ერთად გაიზარდა ავტობუსების რაოდენობაც და 5 კაპიკამდე გაძვირდა საფასურიც.

დასაწყისისთვის თითო სამარშრუტო ხაზზე 3 ავტობუსი მოძრაობდა, საერთო რაოდენობით 12.


1964 წლისთვის ქალაქში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტროლეიბუსი გამოჩნდა.

თავდაპირველად N1, N3, N5 და N6 ტროლეიბუსები დადიოდნენ, რომლებიც მეტალურგიული ქარხნიდან გამოდიოდნენ და ბოლო გაჩერება ცურტაველზე ჰქონდათ. მგზავრობის ღირებულება 3 კაპიკი იყო, თუმცა შემდეგ 4 კაპიკამდე გაძვირდა.

ტროლეიბუსები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ერთ-ერთი აქტუალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო.

საბოლოოდ კი 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩერდა, თუმცა ტროლეიბუსის ხაზები ქალაქში საკმაოდ დიდხანს იყო შემორჩენილი.

1984-1985 წლებში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა, 9 კაციანი "მარშუტკები", რომლით მგზავრობაც 20 კაპიკი ღირდა.

90-იან წლებში კი ნელ-ნელა მიკროავტობუსებმა ტროლეიბუსები ჩაანაცვლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები