რუსთავის ერთ-ერთი მიკრორაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

2022-10-01 19:24:56

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის N21-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, უკვე 1 კვირაა, ეზო რამდენჯერმე დაიტბორა და ახლაც დატბორილია.

მისივე ინფორმაციით, პრობლემა ხშირად აწუხებთ, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა.

"ამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენჯერმე, სადღაც 3-ჯერ ამოვიდა წყალი. ხშირად ამოდის ხოლმე და ასე დგას. რუსთავის წყალში დავრეკე და ჩვენ არ გვეხებაო, მოგვაქციოს ყურადღება ვინმემ. ძალიან ხშირად დგას ეს პრობლემა, ბოლო 3-4 წელია კვირაში ერთხელ მაინც ამოდის წყალი და იტბორება ეზო", - უთხრა "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა.

როგორც "რუსთავის წყალში" საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ფაქტის შესახებ შეტყობინება მე-12 მიკრორაიონიდან კომპანიაში ორშაბათს შევიდა, სამშაბათს ადგილზე ტექნიკურმა ჯგუფმა იმუშავა და პრობლემა აღმოიფხვრა, მას შემდეგ კი აღნიშნული მისამართიდან ზარი აღარ დაფიქსირებულა.

ამასთანავე, კომპანიაში გვითხრეს, რომ ტექნიკური ჯგუფი N21-ში კიდევ ერთხელ მივა და ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები.

ინფორმაციისთვის, რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ნებსიმიერ მონაკვეთში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა/მოწესრიგების სამუშაოები მთლიანად კომპანია "რუსთავის წყლის" პასუხისმგებლობაში გადავიდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მიაწოდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ნარმანიამ განუცხადა, საცოვრებელ სახლთან არსებული პირველივე ჭიდან სამუშაოების შესრულების ვალდებულება "რუსთავის წყალს" დაეკისრა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები