ქვემო ქართლი, 19 სექტემბერი, 2022 - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით HEKS-EPER Georgia და მუნიციპალიტეტები თანხმდებიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით გააძლიერებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესებში.
მემორანდუმის თანახმად, მერიები იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭერენ პროექტით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობების შეუფერხებლად განხორციელებას:
• ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა საგანმანათლებლო/საინფორმაციო აქტივობებში მონაწილეობას;
• მონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და
• ადვოკატირების კამპანიების მოთხოვნების გათვალისწინებას გენდერული ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შეფასების მიზნით.
HEKS-EPER Georgia იღებს ვალდებულებას, რომ:
• უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
• ხელს შეუწყობს პროექტის მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა აქტივობებში ჩართულობას;
• მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის საპროექტო ინიციატივების განხორციელებას;
აღნიშნული მემორანდუმი მოიაზრებს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ეფექტიან თანამშრომლობას, მათ პერიოდულ შეხვედრებს, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამისი ერთობლივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და სამუშაო გეგმების შემუშავებას.
პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF - სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით.