რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის პრეზენტაცია ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
ლაცაბიძის თქმით, პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, მეორე კი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
"ჩვენ უკვე ვხედავთ სახეზე რუსთაველის ქუჩის წარმატებულ პირველ ეტაპს და ასევე დაიწყება უახლოეს მომავალში მეორე ეტაპი, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რუსთავის მერიის გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ და ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს მიმდინარე გამოწვევბი ეკოლოგიის და ქალაქის წყალმომარაგების სფეროში, რომლის გადაჭრაშიც ყოველდღიურად ვართ ჩართული და ჩვენ ამ გამოწვევებსაც აუცილებლად დავძლევთ ყველანი ერთად, მანამდე კი გაჩერებას არ ვაპირებთ", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც პროექტის წარდგენაზე გახდა ცნობილი, ძველი ქალაქის შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით მოხდება. მოეწყობა დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, მწვანე კუნძულები, სარწყავი სისტემა და დეკორაციული განათება, დაირგვება ხე-მცენარეები.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწოფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული იცნების" წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რუსთავის მერიამ 2021 წელს განახორციელა. 3 ნაწილად დაყოფილი პროექტის მეორე ეტაპს, რუსთავის მუნიციპალიტეტი, სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყებს.
პროექტის ღირებულება 5 მილიონ 46 ათასი ლარია.