"არსებობს რისკი, აზერბაიჯანთან შეტაკებები ომში გადაიზარდოს"

2022-09-14 18:54:31

სომხეთი აცხადებს, რომ არსებობს აზერბაიჯანთან შეტაკებების სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის რისკი და მოუწოდებს დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

როიტერთან ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარუირ ხოჰანისიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის დაღუპულია დაახლოებით 50 სომეხი ჯარისკაცი და დაჭრილია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შეტაკებების პროვოცირებაში, რომელიც ორშაბათს გვიან ღამით, სასაზღვრო მონაკვეთზე დაიწყო.

კითხვაზე, სრულმასშტაბიანი ომის რისკების შესახებ, ხოჰანისიანი პასუხობს - "არის აშკარა რისკი".