თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება.
მისი თქმით, რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
„რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, პროგრამის განმახორციელებელ ორ სპორტულ ობიექტზე, ხოლო სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ 3 ოქტომბრიდან. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში. პროგრამა საპილოტეა. დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება, ცვლილებებსაც შევიტანთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 032 2 24 03 04; სპორტული ობიექტების მისამართებია: ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი – ზღვის უბანი, 11 მ/რ-ნი, მე-3 კვ. N58 კორპუსის მიმდებარედ; გლდანის სპორტული კომპლექსი – გლდანის V მ/რ, კორპ.N8-ის მიმდებარე ტერიტორია, ვეკუას N127.