კომპანია სამუშაო ვადებში ვერ ჩაეტია

2017-10-06 19:12:26

თოდრიის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მაისს დაიწყო. სამუშაოების დასრულება 4 თვეში, 20 სექტემბრისთვის იყო დაანონსებული, თუმცა თოდრიის ქუჩის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ალეკო ნავროზაშვილმა „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა, რომ კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, ვერ შეძლო დანიშნულ ვადაში შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამის გამო კომპანიას დაეკისრება სანქცია, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.1%-ის დარიცხვას გულისხმობს იქამდე, სანამ სამუშაოები არ დასრულდება. მისივე განცხადებით: „ სარეაბილიტაციო სამუშაოების 75-80% უკვე შესრულებულია. დარჩენილია ნაწილობრივ გზის საფარის რეაბილიტაცია და ნაწილობრივ ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. თუ კომპანიას რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შეექმნება, თოდრიის ქუჩის რეაბილიტაცია 2 კვირაში დასრულდება. მიმდინარეობს სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი.“