12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მსჯავრდებული და მისი ადვოკატი.
ადვოკატის განმარტებით, დაზარალებული არასრულწლოვანი სასამართლოზე "წინასწარ მიღებულ დირექტივებს იმეორებდა".
ცნობისთვის, 12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული 60 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა გასული წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე", მეოთხე ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" და მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.