"ხალხის პარტიამ" შარტავას გამზირზე აქცია გამართა, მათი მოთხოვნაა, რომ რუსთავის თვითმმართველობამ შეიძინოს ახალი ავტობუსები, რომლებიც შემდეგში უკვე მგზავრებს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაიყვანს. პარტიის რუსთავის მერობის კანდიდატის, ანა კეკენაძის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, მისი ტარიფი, სავარაუდოდ, 75 თეთრი იქნება, რაც სტუდენტებისთვის და დედაქალაქში დასაქმებულებისთვის შეღავათი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა - ავტობუსებს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით შედარებით დაბალი ტარიფით გადაეყვანათ მგზავრები, რამდენიმე თვის წინ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ გააჟღერა. "ინფო რუსთავი" დაუკაშირდა დეპუტატს, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ - "ეს საკითხი დაძრულია, სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს ორ მუნიციპალიტეტს შორის, ამ მომენტისთვის დოკუმენტების და შესაბამის საბუთების მომზადება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება, ახალ მერს და ახალ საკრებულოებს გადაეცემა შესაბამისი საბუთები და ის, რასაც დავპირდი რუსთაველებს, სისრულეში მოვა".