“ზეთი კიდევ გაიაფდება”

2022-09-09 19:54:52

განსაკუთრებული გაძვირების შემდეგ, საქართველოში მზესუმზირის ზეთის ფასი შედარებით შემცირდა. ასეთი ვითარება რუსეთის მიერ საექსპორტო მცურავი ბაჟის შემცირების გამო და საქართველოში მზესუმზირის მოსავალმა განაპირობა. ადგილობრივ წარმოებაში სხვაობა ჯერჯერობით, 0,5-1 ლარია, იმპორტირებული ზეთი კი მოსახლეობას მალე კიდევ მეტად გაუიაფდება.

მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა, რომელიც ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ გადასახადი ისევ ძალიაშია, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული სახით. სწორედ საბაჟო გადასახადის კლებას უკავშირდება პოზიტიური ეფექტი, რაც საქართველოში იმპორტირებულ ზეთს აიაფებს.

მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობს ზეთის იმპორტიორი კომპანია „მზიურის” („ოლეინას” იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დიმიტრი რამიშვილი. იგი პირდაპირ ამბობს, რომ დაახლოებით 3 კვირაში ზეთი დამატები გაიაფდება, სხვაობა 1 ლარი იქნება.

"რუსეთში საბაჟო გადასახადის შემცირება, რა თქმა უნდა, ზეთის ფასზე ასახვას მოახდენს. საქართველოში, თაროზე ზეთი თუ ღირს 8-9 ლარი, ღირებულება 1 ლარით დაიკლებს, 7-8 ლარი იქნება, ბრენდს გააჩნია. ეს ყველაფერი დაახლოებით 3 კვირაში მოხდება. გასათვალიწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრი ქარხანა დგას ე.წ. აუცილებელ რემონტზე, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე. წარმოებები ახლა იცლებიან, ახალ მოსავალს იღებენ და ახალი ფასებიც დაახლოებით 3 კვირაში აისახება.

როდესაც რუსეთმა ზეთზე საბაჟო გადასახადი შემოიღო, მაშინ ითქვა, რომ 2022 წლის 31 აგვისტომდე ექნებოდა ვადა, მაგრამ შემდეგ თვითონ ფორმულირება და მიდგომა შეიცვალა. თავიდან საბაჟო გადასახადი დოლარში იყო, შემდეგ რუბლში. ამ მხრივ გაურკვევლოაში არიან. ფაქტი ის არის, რომ საბაჟო გადასახადი სექტემბრიც შენარჩუნდა. წესით არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გაუქმებულა, თუმცა შემცირდა. დანარჩენს ბაზარი უკარნახებს.

თვითონ ექსპორტიორებიც მაინც და მაინც კმაყოფილები არ არიან საბაჟო გადასახადით, თუმცა როდესაც მზამზარეული შემოსავალი აქვს ბიუჯეტს, ადვილად არ ხსნიან ხოლმე", - განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ირკვევა, უახლოეს პერიოდში მზესუმზირის ზეთზე ფასების შემცირებას და სტაბილურობას უნდა ველოდოთ. იმპორტიორების მსგავსად, ფასის კლებაზე საუბრობენ ადგილობრივი მეწარმეებიც. წელს საქართველოში მზესუმზირის კარგი მოსავალია. როგორც გლეხები ამბობენ, იმაზე კარგი მოსავალი მოიწიეს, ვიდრე შარშან იყო.

როგორც კახელი მეწარმე ამბობს, ზეთზე საბითუმო ფასმა 50 თეთრით უკვე დაიკლო და წლევანდელი მზესუმზირის მოსავალი პროდუქციის ღირებულებაზე კიდევ იმოქმედებს.

"მზესუმზირის მოსავალი, წინა წელთან შედარებით, უკეთესია, თუმცა ადგილობრივი ნედლეული ბაზრისთვის არასოდეს არის საკმარისი. ამიტომ ფასები იმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

რაც შეეხება მზუსიმზირის და ზეთის ფასებს, შემცირებისკენ მიდის. თვითონ მზესუმზირის ფასიც შემცირდა, ყოველ სეზონზე ასე ხდება ხოლმე, თან უკეთესი მოსავალია საქართველოში და ასევე რუსეთშიც.

ამასთანავე, რუსეთმა ზეთზე და სხვა პროდუქციაზე საექსპორტო გადასახადი შეამცირა და აქედან გამომდინარე, იმპორტირებული ზეთის ფასიც დაიკლებს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ტენდენცია, ფასების შემცირებისკენაა ჯერჯერობით.

მზესუმზირის მოსავალი, რომელიც წელს საქართველოში გვაქვს, ცხადია, ზეთის ფასზე იმოქმედებს. აქამდე 1 ლიტრის საბითუმო ფასი იყო 8 ლარი და ახლა 7.50 ლარამდე შემცირდა. სამომავლოდ გაიაფებას კიდევ ველოდებით", - განაცხადა კახელმა მეწარმემ.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს უნდა გაუქმებულიყო, თუმცა რუსეთმა ბაჟი არ მოხსნა. 2022 წელს, იანვარში საექსპორტო გადასახადმა 1 ტონაზე 280,8 დოლარი შეადგინა, თებერვალში - 251 დოლარი, მარტში - 260 დოლარი, აპრილში - 313 დოლარი, მაისში - 372,3 დოლარი, ივნისში - 525 დოლარი, ივლისში - 472 დოლარი.

საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში (იანვარი-ივნისი) მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის 2 კვარტალში ქვეყანაში 1.168 მლნ ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 1.5 მლნ აშშ დოლარი, 2022 წლის 2 კვარტალში კი 683,86 ტონა ზეთი შემოვიდა, რომელიც 881 000 აშშ დოლარის ღირებულების იყო.