პარკირების ჯარიმა გახუთმაგდა. არასწორი პარკირების შემთხვევაში დღეიდან ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე გაიზარდა. ინიციტივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა. კანონი ძალაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა წინასაარჩევნოდ განხილვა ხელისუფლება შეაჩერა, ხოლო დღეს კი პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
არასწორის პარკირების გარდა სანქციები გაიზარდა დგომა-გაჩერების სხვა შემთხვევებზეც.
კანონის თანახმად, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის, გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას, ასევე, 100 ლარით დაჯარიმდება ყველა, ვინც სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიატოვებს. ასევე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით, ხოლო ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით.
არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტომობილის პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე - გამოიწვევს ასევე პირის 100 ლარით დაჯარიმებას.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებით, თბილისის საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა - 50 ლარიან ჯარიმას.