დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დასახლებაში მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. ასევე დაშავებულია მამაკაცი, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.
ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.
"დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. სამი ადამიანი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ", - აცხადებენ ადგილობრივები.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაზის კომპანია შპს "დიდი დიღმის" თანამშრომლები მუშაობენ.
გაზის კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ დიდი დიღომის აღნიშნულ დასახლებას ბუნებრივი აირით "დიღომი გაზი" ამარაგებს.