მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე შესამოწმებლად, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 108 ნიმუში აიღო.
ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, პესტიციდების შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. ტესტირება ჩატარდა 68 მოქმედ ნივთიერებაზე, მათ შორის, ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ, ასევე, დითიოკარბამატულ პესტიციდებზე. გამოკვლეულია ხილისა (ატამი, ვაშლი, ვაშლატამა) და კენკროვნების 44 ნიმუში, ბოსტნეულის (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) 13 და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი) 51 ნიმუში.
სურსათში პესტიციდების ნარჩენების დონე რეგულირდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით არის დამტკიცებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სურსათის ნიმუშებში პესტიციდების შემცველობა არ დაფიქსირებულა, რაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის და სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგია.
2022 წელს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, სააგენტოს მიერ დაგეგმილია არაცხოველური წარმოშობის სურსათის 236 და ცხოველური წარმოშობის სურსათის 102 ნიმუშის (სულ 338 ნიმუში) ლაბორატორიული ტესტირება.