საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რუსთავში

2022-08-25 13:41:44

რუსთავში, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

რუსთავში, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნული გზის მონაკვეთი, წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო.

რუსთავის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის დეტალები, მოსახლეობას რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ბერუაშვილმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" სხვა წევრებთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გააცნო. მიხეილ ბერუაშვილის განცხადებით, გზის საფარის მოწესრიგებას მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში დაჰპირდნენ, ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მცხოვრებლებს შევხვდით და გზის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების შესახებ შევატყობინეთ. ჩვენი გუნდი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა აღნიშნული გზის საფარის რეაბილიტაციას. რუსთავის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ ბერუაშვილმა.

ინფრასტრუქტურული პროექტი, ითვალისწინებს გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩის მიმდებარედ 575 გრძივ მეტრზე არმირებული ბეტონისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობას, მოწესრიგდება მიერთებები და ეზოში შესასვლელები. პროექტის სატენდერო ღირებულება 723 323 ლარს შეადგენს.