კონკურსი „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“

2022-08-02 19:36:50

კონკურსი „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სწრაფი განვითარების ლაბორატორია აცხადებს კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“.   

კონკურსის მიზანია ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაცია, რომლებიც ამცირებენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. ასეთი გამოგონებების რიცხვს მიეკუთვნება განახლებადი ენერგიის გამოყენება გასათბობად თუ საჭმლის მოსამზადებლად, ენერგიის დაზოგვის სხვადასხვა ხერხი, ენერგიის მოხმარების მონიტორინგის უკეთესი მეთოდები, უფრო ეფექტური ან ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ხელსაწყოები და სხვა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს. ასეთი გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო ან ნივთი, ასევე, მომსახურება ან საქმიანობა.

ქართული გამოგონებების მუზეუმის კონკურსი მონაწილეობის მისაღებად, სახალხო გამოგონებები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

• ჰყავდეს კონკრეტული ავტორი ან ავტორთა ჯგუფი.
• იყოს შექმნილი საქართველოში, ინდივიდუალურად, მოქალაქეთა ჯგუფის, სტუდენტის ან აკადემიური პერსონალის, მცირე და საშუალო საწარმოს მიერ.
• პასუხობდეს ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებს ენერგიის დაზოგვის, გამომუშავების, შენახვის, დისტრიბუციისა ან ფინანსირების მხრივ.
• ეფექტურად იყენებდეს წყლის, მზის, ქარის, თერმულ, მექანიკურ, ქიმიურ ან სხვა სახის ენერგო რესურსს. შესაძლებელია, გამოგონება გვთავაზობდეს წიაღისეული საწვავის გამოყენების ეფექტიან, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო, ან ქსელისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტასაც.
• უნდა იყოს უკვე განხორციელებული და პრაქტიკაში გამოცდილი პროდუქტი/ხელსაწყო/მეთოდი, ან უნდა არსებობდეს გამოგონების მუშა ვერსიის ნახაზი, სატესტო ნიმუში ან პატენტი.
• შესაძლებელია მისი სხვაგან გამეორება, გაზრდა ან გამრავლება
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ნებისმიერი ასაკისა თუ გამოცდილების გამომგონებლებს, მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს. 18-წლამდე ასაკის პირების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია მშობლის ან მეურვის თანხმობა.
რა პრიზებია?

საპრიზო ფონდი შეადგენს 20,000 ლარს. გამარჯვებული შეძლებს ამ თანხის გამოყენებას თავისი გამოგონების გასაუმჯობესებლად ან პირადი განვითარებისათვის საჭირო ინვენტარის შესაძენად. საუკეთესო გამომგონებლებს ასევე გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო მათი ნაშრომების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ქართული გამოგონებების მუზეუმში, რომელსაც 2021 წელს ნახევარი მილიონი ვირტუალური ვიზიტორი ყავდა.
როგორ შევიტანო განაცხადი?

კონკურსზე განაცხადების მიღება 15 აგვისტოს დასრულდება. კონკურსის განაცხადი იხილეთ ვებგვერდზე: www.gamogoneba.ge
გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი გამოგონების ფოტოსურათი, ნახაზი ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც ასახავს თქვენს გამოგონებას. თქვენ შეძლებთ მაქსიმუმ 5 ფაილის ატვირთვას.
როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის გარდა იქნებიან ქართველი გამომგონებლები, და დარგის ექსპერტები. საუკეთესო გამოგონების ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გაიმართება.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: acclab.geo@undp.org