რატომ გაიზარდა ააიპ-ში თანამშრომლების რაოდენობა

2017-09-30 12:39:49

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაზრდილია. კვლევაში ნახსენებია რუსთავის მერიის ააიპ "უზრუნველყოფაც".

"თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა, ნაწილობრივ, განპირობებულია მუნიციპალიტეტების მიერ ახალი ა(ა)იპ-ებისდაფუძნებით, თუმცა ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ასევე ჩანს,რომ 2012-2017 წლებში საშტატო თანამშრომლების რაოდენობის ზრდა ზოგიერთ ა(ა)იპ-ში ამ მიზეზისგან დამოუკიდებლადაც საკმაოდ შესამჩნევია. მაგალითად, რუსთავის მერიის ა(ა)იპ-ში "უზრუნველყოფაში" 2012 წელთან შედარებით საშტატო თანამშრომლების რაოდენობა 180-ით გაიზარდა" - აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაში.

როგორც "ინფო რუსთავს" ააიპ "უზრუნველყოფის სამსახურის" ხელმძღვანელმა, ზაზა კუპატაძემ განუცხადა, 2012 წლიდან დღემდე ააიპ-ში სამსახურების რაოდენობა 2-დან 14-მდე გაიზარდა, შესაბამისად თანამშრომელთა ზრდაც ამ მიზეზმა განაპირობა.

"2012 წელს ააიპ "უზრუნველყოფაში" მხოლოდ ორი სამსახური იყო,  კულტურისა და დასვენების პარკის მოვლა-პატრონობა და სატყეო მეურნეობა, შემდეგ 2014 წელს დაემატა გამწვანების სამსახური და 2015 წლიდან დაიწყო რადიკალური ზრდა სამსახურმა, დაახლოებით 12 სამსახური არის ჩართული, ესენია: გარე განათების სამსახური, სანიაღვრე სამსახური, სამშენებლო ტექნიკური ჯგუფი, სანერგე მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა და ა.შ, აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ თანამშრომლების რაოდენობაც გაზრდილია და ბიუჯეტიც" - განმარტა ზაზა კუპატაძემ.