"ოპოზიცია ჩვენს ქალაქში 60 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პროცესს აჩერებს. საკითხების, რომელიც რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას ერთ თვეზე მეტია გაჩერებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა საკითხებმა გაიარა დარგობრივი კომისიები, მათი უმრავლესობა დღეს სხდომაზე არ განიხილეს",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნოდარ შეროზიას მოუწოდა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს და მოიწვიოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა, ან შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საკითხები განსახილველად დააყენოს პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე.
"პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის ტანდემითაა წარმოდგენილი, ქალაქისთვის და რუსთავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს. იმ დროს, როცა ოპოზიცია გამუდმებით აპელირებს ახალი სამუშაო ადგილებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თემებზე, სწორედ იგივე ოპოზიცია ჩვენს ქალაქში 60 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პროცესს აჩერებს.
საკითხების, რომელიც რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას ერთ თვეზე მეტია გაჩერებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა საკითხებმა გაიარა დარგობრივი კომისიები, მათი უმრავლესობა დღეს სხდომაზე არ განიხილეს. ის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მიზანი ქვეყნის განვითარების შეფერხების გზით საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაა, ეს დიდი ხანია ვიცით ყველამ კარგად ვიცით. ახლა მინდა მივმართო, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელია. მას, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, რეგლამენტით აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მოიწვიოს რიგგარეშე ბიურო ან შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საკითხები განსახილველად დააყენოს პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე. მოვუწოდებ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა დადგეს რუსთაველების და ქალაქის ინტერესების მხარეს. მისი ეს პასიური პოზიცია, რომელსაც მთელი ქალაქი ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე აღიქმება ქალაქის ღალატად, რადგან რუსთავის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ახალი სამუშაოების შექმნაზე უარის თქმას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს. რუსთავის მერია აქტიურად აგრძელებს მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველების ინტერესებიდან გამომდინარე ახალ პროექტებზე მუშაობას. მთელი გუნდი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსთავის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციურ ტანდემს, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა რუსთაველების ინტერესები დააყენონ, მათ ვალდებულებები აიღეს რუსთაველების წინაშე და ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს რუსთაველებისთვის და არა მათი პოლიტიკური ლიდერებისთვის",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ლაცაბიძის ბრალდებებს უპასუხა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ საკრებულოში მერიის მხრიდან შეტანილ ინფრასტრუქტურულ საკითხებს ბიუროს სხდომაზე მათ მხარი დაუჭირეს, თუმცა ვინაიდან უმრავლესობაში ენმ-ია საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა ვერ მოხერხდა.
შეროზიას თქმითვე, ხვალ არის ჩანიშნული კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იმსჯელებენ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის საკითხზე.
"ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით გადმოსული იყო დაახლოებით 5 საკითხი. გადმოსული იყო სამსახურის უფროსი და გარკვეულ კითხვებზე გაეცა პასუხები. ამ საკითხებს ფრაქციამ საქართველოსთვის მხარი დაუჭირეს, თუმცა ბიუროს უმრავლესობაში ენმ-ი იყო და ამ მხრივ საკითხი ვერ გავიდე. საკრებულოს კომისიას აქვს კიდევ ვადა ამ საკითხების განსახილველად. დაბარებულია შესაბამისი სამსახურის უფროსის მოადგილე და ხვალ არის კომისია ჩანიშნული. სხვათა შორის ეს პროექტი წელიწადნახევარია აღმასრულებელში შესაბამის სამსახურებში გადის განხილვას, ერთი თვეც არაა, რაც ეს საკითხი საკრებულოზე გადმოვიდა. პირველ განხილვაზე ვერ მოხერხდა, გარკვეული კითხვები იყო ამ საკითხზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ ინვესტიციას, უმრავლესობით ვერ გავიდა. ჩვენი დადანაშაულება, რომ რიგ საკითხებს ხელს ვუშლით, ასე ნამდვილად არ არის. დაველოდოთ ხვალ კომისიის გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით ჩვენ უზრუნველვყოფთ რიგ გარეშე სხდომის ჩანიშვნას, რომ დროულად გავიტანოთ საკითხი.
ქალაქი ვერ ჩავარდება კოლაფსში, მე იმედი მაქვს, რომ ეს კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღება, მაშინ ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს, შევჯერდებით კანონთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ როგორც პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ორ ძალას შორის დავაბალანსოთ სიტუაცია",- განაცხადა ნოდარ შეროზიამ.
ლაცაბიძის ბრალდებებს უპასუხა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ალეკო ბერიძემაც. მისი თქმით, პროექტებს მხოლოდ მას შემდეგ დაუჭერენ მხარს, როცა ფილტრაციას გაივლის და დარწმუნდებიან, რომ თითოეული მათგანი მორგებულია ქალაქზე, მის საჭიროებებზე და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
"ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის ასეთი, ყველა პროექტს, რომელიც ქალაქისთვისა არის აუცილებელად განსახორციელებელი, აქვს მხარდაჭერა. ვერცერთი რუსთაველი მოქალაქე ვერ იტყვის, რომ რომელიმე მათგანი დაზიანდა, ჩვენს მიერ საკრებულოში განსახილველი საკითხების ჩავარდნით. ეს არის ქალაქის ხელმძღვანელობის არასწორი ხედვა, შეიძლება უფრო სიღრმეში წავიდეთ და არაკომპეტენტურობა, როდესაც მას ჰგონია, რომ საკრებულო უნდა იყოს ხელისამწევთა პოზიცია. ასე არ არის ამ საკრებულოში, აქ ფილტრაციას გაივლის ყველა ის საკითხი, რომელიც ქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი და მხოლოდ მას შემდეგ, როცა დავრწმუნდებით, რომ ეს პროექტები მორგებულია ქალაქზე, მის საჭიროებებზე და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, მაშინ ექნება მხარდაჭერა. თანხები 60 მილიონი, 100 მილიონი, 200 მილიონი არის იმითვის, რომ მოსახლეობას, რომელიც არ არის საქმის კურსში, ეგონოს, რომ ინვესტიცია შემოდის ქალაქში, რომელიც ფერხდება. არანაირი პრობლემა არაა, გვქონდა დეველოპერებთანაც შეხვედრა და ავუხსენით ზოგადი სიტუაცია. სანამ ქალაქის მერი და არქიტექტურის სამსახური არ წარმოადგენს ხედვას, რა უნდა მიიღონ ამ ქალაქისგან, როგორი პროექტები უნდა ხორციელდებოდეს, მანამდე არცერთი პროექტი არ იქნება მხარდაჭერილი. მათ მიაჩნიათ, რომ როგორც წინა წლებში იყო და რაც თავიანთი შეხედულება იყო იმ ქუთხით უნდა განვითარებულიყო. რუსთავისგან მივიღეთ საცობების ქალაქი. არანაირი გათვლა, საჭიროებებზე მორგება და ხედვა მათ არ აქვთ. ზუსტად ამის გამო სანამ არ წამოადგენენ ხედვას არ ვაპირებთ კომიტეტის მხარდაჭერას",- განაცხადა ალეკო ბერიძემ.