რუსთავში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" განვითარებისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, რუსთავში, ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილესთან, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან და საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" სპორტულ დირექტორ ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
"რუსთავის საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაოთ კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. ჩვენ სტადიონზე უკვე დავიწყეთ გარკვეული ინფრასტრუქტურის აღდგენა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარებას და წინსვლას", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
დღეისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოში. ორივე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტით გათვალისწინებულია სველი წერტილების მოწესრიგება, ახალი ელექტროგაყვანილობის მოწყობა და ფასადების შეღებვა.
"ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის ყოველდღიურ მუშაობაში, რადგან ადმინისტრაციისთვისა და ფეხბურთელებისთვის უკვე ყველა პირობა შეიქმნება, რომ კლუბმა ნორმალურად იფუნქციონიროს. როგორც აღვნიშნე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ, რა თქმა უნდა მთავარია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რაც ვფიქრობ, რომ გამოაცოცხლებს მთლიანად ქალაქს და ფეხბურთს", - განაცხადა ბაჩანა ცხადაძემ.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 204 826 ლარია. პარალელურად, რუსთავის მერია საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად, კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს, რუსთავის ცენტრალური სტადიონი 1948 წელს აშენდა და ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორციელდა. რუსთავის სტადიონი, ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წელის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან, კი გუნდმა სახელი შეიცვალა და მას "საფეხბურთო კლუბი რუსთავი" ეწოდა.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.