"სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს"

2017-09-28 13:55:38

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

პატრიარქმა განაცხადა, რომ  სურს მრევლისგან მოისმინოს, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა თავისი სახე შეინარჩუნოს.

"მინდა მოვისმინოს თქვენგან, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნოს თავისი სახე. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ და ვამბობთ იმის შესახებ, რომ აი, ბევრი ტურისტი ჩამოდის. ეს გვახარებს ჩვენ. ტურისტთან ერთად შემოდის მატერიალური დოვლათიც. საქართველოს აქვს მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ, თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი. რა უნდა გაკეთდეს, რათა სამუშაოები ადგილები გაჩნდეს, ძალიან ხშირად ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გაჩნდება" , - აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ ისაუბრა მიწის მნიშვნელობაზეც "ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, კავშირი კვიპრიოსთან და კვიპროსის მღვდელმთავრები გვირჩევდნენ, რომ უპირველეს ყოვლისა მიხედეთ მიწას. მიწა არ გაასხვისოთ, მიწა არ გაყიდოთ. დღესაც ეს აქტუალური პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევინახოთ მიწა და რა არის მიწის გარდა, კიდევ რა ფასეულობა გვაქვს, წყალი".

პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ქუჩების სისუფთავეზეც.

"მე მახსოვს ადრე ირეცხებოდა ქუჩები, მანქანა დადიოდა დილით ადრე და რეცხავდა ქუჩებს, ახლა რაღაც აღარ ჩანს. შევახსენოთ, რომ სახელმწიფო უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში", - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა ასევე დაადგინა, რომ ყოველ შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვეყნისთვის პრობლემატურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართება სამების ახალგაზრდულ ცენტრში.