რუსთავში, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგად დაზიანებული გადახურვის შესაკეთებლად 800 ათასი ლარი დაიხარჯება.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჭყონდიდელის დასახლებაში, ახალ და ძველ რუსთავში. ჯამში 160-მდე საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის რეაბილიტაცია განხორციელდება.
"ძლიერი ქარის შედეგად აპრილსა და ივნისის თვეში, რუსთავში 160 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. დღეისათვის გადახურვის სამუშაოები 50 მისამართზე უკვე დასრულებულია და დარჩენილ კორპუსებში აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი, დამატებით 100 ათასი ლარის მობილიზება მოხდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.