"ბრიტანეთის ტოპ უნივერსიტეტში ჩემს დისერტაციას ისწავლიან"

2022-09-11 12:10:03

2023 წლიდან იორკის უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველი გოგონას, 25 წლის ნატალია ჭამიაშვილის სადისერტაციო ნაშრომს ისწავლიან.

ინგლისურად შედგენილი ნაშრომი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალი კლასის უნივერიტეტი სახელმძღვანელო გახდება, დაწერა გოგონამ, რომელმაც უცხო ენა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე ისწავლა.

"დავამთავრე რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა და ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე თბილისის სახელმიწიფო უნივერსიტეტში, 100%-იანი დაფინანსებით. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში მინიმალური შეხება მქონდა ინგლისურ ენასთან, რაგდან რუსულს და გერმანულს ვსწავლობდი, ინგლისური ავლა ძალიან სწრაფად, დამოუკიდებლად მომიწია. ჯანმრთელობის მიზეზების გამო, სახლში ვიყავი, რამდენიმე კვირა მქონდა დრო სამეცადინოდ და ჩემმა მეგობარმა მომიტანა წიგნები. ამ პერიოდის შემდეგ, ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება შევძელი და კონკურსში გავიმარჯვე, რის შედეგადაც გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სასწავლებლად წავედი".

მოგვიანებით მიეცა შანსი მასაჩუსეტსში, ენდიკოტის კოლეჯში ესწავლა.

"მოგვიანებით, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, საშუალება მომეცა, მესწავლა მასაჩუსეტსში, ენდიკოტის კოლეჯშიც. საელჩო აფინანსებს რამდენიმე სტუდენტს წლის განმავლობაში, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით და ლიდერული უნარებით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ამ კონკურსში გამარჯვება, რადგან როგორც უკვე გითარით, მანამდე გერმანულს და რუსულს ვსწავლობდი და ინგლისურ ენასთან შეხება თითქმის არ მქონია. თუმცა, მეგობრებმა დამარწმუნეს, რომ შერჩევაში მონაწილეობა უნდა მიმეღო და მეხმარებოდნენ წიგნებით, რჩევებით, საბოლოო ჯამში კი, მეც აღმოვჩნდი გამარჯვებულებს შორის.


ნატალიამ უცხოეთში მიღებული გამოცდილება ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე მუშაობისკენ მიმართა.

"ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით. ვმუშაობ ახალგაზრდულ ორგანიზაცია - მოხალისეთა ჰაბში, რომლის ნაწილია ფართო საზოგადოებისთვის ნაცნობი პლატფორმა - W4W (განათლება და კარიერული განვითარება)".

მიხვდა იმასაც, რომ საქართველოს ამ მიმართულებით ექსპერტული ცოდნა სჭირდებოდა და მაგისტრატურაზე სწავლაც ამ კუთხით გააგრძელა. რა თქმა უნდა, ამჯერადაც შეძლო დაფინანსების მოპოვება.

"ასევე, ვმუშაობდი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ექსპერტად კვლევების მიმართულებით. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში გვჭირდება ექსპერტული ცოდნა ქალებისა და ახალგაზრდების მიმართულებით და გადავწყვიტე, მაგისტრატურა გამეარა საზღვარგარეთ. ჩავაბარე ერასმუს მუნდუსის პროგრამაზე და მივიღე ორწლიანი დაფინანსება იორკის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, ავსტრიაში".


როგორც ჩვენთან იხსენებს, კარგ დასასრულს ელოდა, თუმცა ასეთს - ნამდვილად არა.

გოგონამ, რომელმაც ჯამურად 250 000 ევროზე მეტი ღირებულების სტიპენდია მიიღო და მსოფლიოს სხვადასხვა კუთი ისწავლა, ბოლო საუნივერსიტეტო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებით დააგვირგვინა.

"ველოდი კარგ დასასრულს, მაგრამ არ ველოდი ასეთს: მომავალი წლიდან იორკის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩემს დისერტაციას ისწავლიან. ძალიან ამაყი ვარ საკუთარი პროგრესით. უნივერსიტეტის პირველ დღეს, როცა ინგლისური არ ვიცოდი და დიდად სწავლის იმედიც არ მქონდა, არც აკადემიური წერის უნარით გამოვირჩეოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ჩემს მიერ ინგლისურად დაწერილი აკადემიური ნაშრომით სტუდენტები ბრიტანეთის ტოპ უნივერსიტეტში ისწავლიდნენ".

ფიქრობს, რომ მის წარმატებაში უდიდესი როლი ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერამ ითამაშა.

"ვფიქრობ, ჩემს წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშეს ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა, რომელთაც უპირობოდ სჯეროდათ ჩემი და მხარს მიჭერდნენ თითოეულ ეტაპზე. მეც საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი პროცესში და შრომის და დისციპლინის გამო, ერთი შეხედვით შეუძლებელ მიზნებს ვაღწევდი. ჩემი გადმოსახედიდან, წარმატების მისაღწევად მთავარია ხედვა, საკუთარი თავის რწმენა და დისციპლინა".


ამჟამად კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობს.

"ამჟამად ვმუშაობ კომუნიკაციების მიმართულებით. ვგეგმავ და ვახორციელებ კამპანიებს ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით. ასევე, მაქვს კომპანია - ასისტენტი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ვეხმარებით პიროვნული და კარიერული განვითარების მიმართულებით; მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა პროფესიის შერჩევა, უნივერსიტეტების შერჩევა, გაცვლითი პროგრამების მოძიება, დაფინანსების მოპოვება და ა.შ."