რუსთავის მეტალურგიული ქარხნის 100-მდე თანამშრომელი მეორე დღეა გაფიცულია.
როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ადმინისტრაციამ მუშებს ხელფასის ეტაპობრივი, 150-ლარიანი ზრდა შესთავაზა, რაც გაფიცულებისთვის მისაღები არ არის.
"უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო გამოსული და შესთავაზა 50 ლარს მოგიმატებთ სექტემბერში, 50-ს დეკემბერში, 50-ს კი მომავალი წლის მარტშიო. ასე ამბობენ დასაქმებულები. ახლა უკვე ეს თანხა ძალიან ცოტაა იმის მიხედვით, თუ რამდენადაა გაზრდილი სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ჰპირდებოდნენ 100 ლარს მოგიმატებთ ხელფასსო და არ მოუმატეს, უნდობლობაა გამოწვეული. მუშები ამბობენ, შარშან რომ მოემატებინათ რასაც დაგვპირდნენ, შესაძლოა ეს გაფიცვა აღარ ყოფილიყოო.
ერთი უნდობლობა, მეორე ფასების გაძვირება და მესამე ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩართულები არ იყვნენ ადმინისტრაციასთან კოლექტიურ მოლაპარაკებებში. როცა მუშები სთავაზობენ, მოდით დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, არა პირდაპირ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ეს შენი საქმე არაა, შენ ფოლადი ადნე და მე მივიღებ გადწყვეტილებას", - აცხადებს დოლაბერიძე.
მისივე ინფორმაციით, თანხა, რომელსაც მუშები მოითხოვენ, ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ მატებაზე ორჯერ მეტია.
რაც შეეხება მეტალურგიულ ქარხანას, საწარმოში აცადებენ, რომ: "კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის გაგებით ეკიდება თანამშრომელთა მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ.
ამჯერადაც, მიმდინარეობს მოლაპარაკება თანამშრომელთა ამ ჯგუფთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი მუშაობას განაახლებენ. ძირითადში, ქარხანა გამართულად მუშაობს და არ ფერხდება მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდება".