ამინდი მკვეთრად შეიცვლება

2017-09-26 22:15:56

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. 27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

27 სექტემბერს დღის მეორე ნახივრიდან და 28 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. 29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი. 1 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 – 5 გრადუსით მოიმატებს.

მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი რუსთავში: 27 სექტემბერი - 20°C, 28 სექტემბერი - 16°C,  29  სექტემბერი - 15°C.