რუსთავში არსებული 25 საწარმოდან უკვე ცნობილია 11-ს როდის ექნება ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემა.
სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" საწარმოების გეგმა-გრაფიკის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტრომ მიაწოდა.
რუსთავში 5 ივნისს სუფთა ჰაერის მოთხოვნით გამართულ აქციაზე საწარმოების გეგმა-გრაფიკი, თუ ვის როდისთვის ექნებოდა დამონტაჟებული ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
ერთადერთი საწარმო, რომელიც ამჟამად ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულებას გახლავთ შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯია“, რომელსაც გარდა თვითმონიტორინგის სისტემისა აქვს მაღალეფექტური ფილტრები.
რაც შეეხება შპს „რუსელოისს“ აირმტვერდამჭერი სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში და მისი დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის 31 აგვისტოსთვის, ხოლო სატესტო რეჟიმში გაშვება 1-15 სექტემბრისთვის. სავარაუდოდ, მოდერნიზებული აირმტვერდამჭერი სისტემების ექსპლუატაციაში სრული დატვირთვით გაშვება მიმდინარე წლის 30 სექტემბრისთვის იგეგმება. ამავე პერიოდში იგეგმება თვითმონიტორინგის სისტემის სრული დატვირთვით ამშავებაც – აღნიშნული სისტემა ივნისის ბოლომდე უნდა დამზადდეს და სავარაუდოდ კომპანიას ივლისში მიეწოდოს. საწარმოში ჩვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
წერილში არაფერია ნათქვამი სს „რუსთავის აზოტის“ ფილტრაციის სისტემაზე, თუმცა თვითმონიტორინგის სისტემას რაც შეეხება, როგორც ჩანს იგი უკვე დამონტაჟებულია. ამჟამად მოწვეულია ამ ხელსაწყოების დამამზადებელი ფირმის წარმომადგენელი მათი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით და თვითმონიტორინგის საკითხები გადაწყვეტილი იქნება მიმდინარე წლის ივნისში.
შპს „ჯეოსთილს“ 2009-2010 წლებში აქვს დამონტაჟებული გამონაბოლქვის გამწოვი თანამედროვე სისტემა. 2021 წლის შემოდგომაზე კი დააყენეს თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც წარმატებით მუშაობს, თუმცა არ არის სამინისტროს ერთიან ბაზაში ჩართული. აღნიშნულის მიზეზად ის სახელდება, რომ საწარმოს სამინისტროსთან არ ჰქონდა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის დოკუმენტი შეთანხმებული. თუმცა, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ეს დოკუმენტი სამინისტრომ დაამტკიცა და საწარმოს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სისტემაში სულ მალე ჩაერთვებიან.
შპს „vivacement”-ს აქვს გამართული აირმტვერდამჭერი სისტემები, ხოლო თვითმონიტორინგის სისტემა საწარმოს უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 1 აგვისტოსა.
არაფერია ნათქვამი შპს „მაქს იმპორტის“ ფილტრაციის სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა 15 სექტემბრისთვის საწარმოში დამონტაჟებული უნდა იყოს თვითმონიტორინგის სისტემა.
წერილში ნათქვამია, რომ შპს „სტანდარტ ცემენტის“ ტერიტორიაზე არსებული ცემენტის წისქვილები აღჭურვილია სახელოებიანი ფილტრებით და ყოველკვარტალურად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მტვრის გავრცელების ინსტრუმენტული მონიტორინგი. ხოლო რაც შეეხბა თვითმონიტორინგის სისტემას, აღნიშნულ საწარმოსაც ყავს იგივე მომწოდებელი რომელიც მაქს იმპორტს, შესაბამისად, სისტემის „სტანდარტ ცემენტისთვის“ მოწოდება უნდა განხორციელდეს 15 აგვისტოსთვის.
შპს „ელბა ექსპორტი“ კანონმდებლობის სრული დაცვით აწარმოებს აირმტვერდამჭერი სისტემების ექსპლოატაციას. აირმტვერდამჭერ სისტემებზე გაწმენდის ეფექტურობის კონტროლს აწარმოებენ ინსტრუმენტული მეთოდით. აირმტვერდამჭერი მოწყობილობები ფუნქციონირებს გამართულად. ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევები არ აჭარბებს სამინისტროსთან შეთანხმებულ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. კომპანიას უკვე შეძენილი აქვს თვითმონიტორინგის სისტემა და მის ჩამოსვლას ივლისის პირველ ნახევარში, ხოლო მონტაჟს ივლისის ბოლოს ელოდებიან.
სამინისტროს ცნობით, შპს „ჯეოფერო მეტალს“ დამონტაჟებული აქვს ე.წ „სახელურიანი აირმტვერდამჭერი სისტემა“. ამჟამად კომპანია მოლაპარაკებას აწარმოებს გერმანული დანადგარის შესყიდვასა და მონტაჟზე, რასაც დასჭირდება 1,5-2 თვე, შესაბამისად აღნიშნულ საწარმოს თვითმონიტორინგის სისტემა უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის აგვისტოში.
წერილში ნათქვამია, რომ აირმტვერდამჭერი სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით შპს „არესემ კორპს“ განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის აქტივობები და მოდერნიზებული აირმტვერდამჭერი და „თვითმონიტორინგის სისტემების“ ექსპლუატაციაში სრული დატვირთვით გაშვება მიმდინარე წლის 30 სექტემბრისათვის იგეგმება.
სამინისტროს ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი შემდეგი საწარმოებისგან: შპს „სოლო“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, შპს „მეგა ცემენტი“, შპს „მშენებელი 2004“, შპს „ინდუსტრია კირი“, შპს „ნიკა 2004“ (იგივე “ფერო ელოის ფროდაქშენი” სადაც ჩვენი ვიზიტის დეტალებს, მათ შორის თვითმონიტორინგის დამონტაჟების ვადებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე) შპს „რუსთავის ფოლადი“, სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატი“, შპს „ეი-ემ-ბი ალოის“, შპს „გია-2019“, შპს „გრაალი 2008“.