რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე კომპანია "რუსთავის წყლის" წარმომადგენლებს შეხვდა.
"ინფო რუსთავის" კითხვაზე, რას აკეთებს ქალაქის მერი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, ლაცაბიძემ განაცხადა:
"აბსოლუტურად მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც საყვედურს და პრეტენზიას გამოთქვამდა როგორც წყლის კომპანიის მიმართ, ასევე ჩვენს მიმართ და პირადად ჩემს მიმართაც. ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთეთ, რის შემდეგაც გვქონდა ერთი შეხვედრა და ვისაუბრეთ კონკრეტულ დეტალებზე. კიდევ გვექნება დაახლოებით ხვალ ან ზეგ ერთი შეხვედრა, სადაც კიდევ უფრო დეტალურად მოვისმენთ იმ ნაბიჯების შესახებ, რის გადადგმასაც აპირებს წყლის კომპანია ჩვენს ქალაქში. მართალი ხართ, ერთი წლის წინაც იყო მსგავსი შეხვედრა, მათ გვანახეს გეგმა-გრაფიკი, რომლითაც მოხდებოდა მათი სერვისის გაუმჯობესება. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა სრულყოფილად არ იყო შესრულებული.
იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა დაგვიდა დღეს ქალაქში ისევ. დაიწყო უკვე გაუმჯობესება რუსთავის წყლის კომპანიამ თავისი სერვისის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში რუსთავის მოსახლეობა ნახავს, რომ მათი მხრიდან იქნება რეაგირება და მეც აქტიურად ვიქნები ჩართული".
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქალაქის დიდი ნაწილი რამდენიმეჯერ მთელი დღის განმავლობაში წყლის გარეშე დარჩა. ამ პრობლემას გამოეხმაურა ქალაქის მერიც და განაცხადა, რომ GWP რუსთავში საკუთარ ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს.