რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბოლო პერიოდში, რუსთავის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე, სამსახურებთან გამართულ თათბირზე ისაუბრა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას, სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.
დღეს დილით, სასმელი წყლის მიწოდება, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყდა საბავშვო ბაღებსაც, რის გამოც, საბავშვო ბაღის სერვისით, 2000-მდე რუსთაველმა ბავშვმა ვერ ისარგებლა.
,,აბსოლუტურად ვიზიარებთ ჩვენი თანაქალაქელების აღშფოთებას, ბოლო პერიოდში სასმელი წყლის მოწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო. კომპანია GWP რუსთავში საკუთარ ფუნქციებს ჯეროვნად ვერ ასრულებს. დღეს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ მუნიციპალური სერვისი ვერ მივაწოდეთ მოსახლეობას და დილით საბავშვო ბაღში მოსული 2 ათასამდე ბავშვი, უწყლობის გამო ვერ მივიღეთ. რაც ყველაზე მთავარია, ამის შესახებ წინასწარ არ იყო ინფორმირებული არც მოსახლეობა და არც ქალაქის მუნიციპალიტეტი.
თვეზე მეტია, ახალ რუსთავს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება, ბოლო 3 დღის განმავლობაში, მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას, სასმელი წყალი ფაქტიურად არ აქვს. კომპანიას არა მარტო წინასწარ არ გაუფრთხილებია მოსახლეობა, არამედ იმაზეც კი არ იზრუნეს, რომ უწყლოდ დარჩენილ უბნებში, სასმელი წყალი ცისტერნებით მაინც მიეწოდებინათ ხალხისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ რუსთავის წყალი კერძო კომპანიაა, მაქსიმალურად ვუწყობთ მათ ხელს და საკანალიზაციო სისტემების გასუფთავებას ისეთ ლოკაციებზეც ვახორციელებთ მუნიციპალური რესურსით, რასაც წესით ,,რუსთავის წყალი’’ თავად უნდა აკეთებდეს.
ამ დღეებში გვექნება შეხვედრა GWP -ის წარმომადგენლობასთან, უახლოეს საათებში, კი გავმართავთ საგანგებო შეხვედრას რუსთავის წყლის წარმომადგენლებთან, სადაც უმწვავესი რეაქცია გვექნება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი მერიის კომპეტენციას სცილდება, დღეიდან უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული. რუსთაველებს არ უნდა ექმნებოდეთ პრობლემა ისეთი ელემენტარული სერვისის მიღებაზე, როგორიც წყლის მიწოდებაა და თუ სამუშაოების გამო, სასმელი წყლის მიწოდება უწყდებათ, ამის შესახებ ინფორმაცია 15 წუთით ადრე არ უნდა მიიღონ. ”-განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს რუსთავის მერი უახლოეს დღეებში შეხვდება.