ტექდათვალიერების არ გავლის გამო ჯარიმები იზრდება

2022-06-09 17:08:58

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს, ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.

ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ ტექდათვალიერებას არ გაივლის, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური, ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერებას ისევ არ გაივლის, ჯარიმის ოდენობა იზრდება - ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი სამუშაო ჯგუფთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე მუშაობს.

"მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს - ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება. მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი.

შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად დაიწყო, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.

რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას - შესაბამისი კანონის პროექტი კომიტეტის ფარგლებში იმ კონსულტაციების შედეგად შემუშავდა, რომელზეც წინა შეხვედრებზე ვიმსჯელეთ“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.