ბაგა-ბაღში ბავშვს სცემეს [video]

2022-06-09 14:39:45

5 წლის ბიჭის დედის განცხადებით, მის შვილს საბავშვო ბაღში სცემეს. ქალის თქმით, ბავშვი ბათუმის ერთ-ერთ კერძო სააღმზრდელო დაწესებულებაში დაჰყავს. 

ის ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ბიჭს რამდენიმე თანატოლი.

"უკვე მერამდენედ ხდება ეს ყველაფერი არაკვალიფიციური და უყურადღებო ძიძების გამო, ჩემს შვილს ასე სასტიკად სცემენ და ოთახში არცერთი ძიძა არაა, ეს მოკლე ვიდეო რაც მე ამოვიწერე, ჩხუბი საკმაოდ დიდ ხანს გრძლედებოდა", - წერს ბავშვის დედა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იტალიაში იმყოფება, თუმცა საბავშვო ბაღის ვიდეოკამერებთან წვდომა აქვს და შვილს ასე ადევნებს თვალს.

ის ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით არაერთხელ ესაუბრა დაწესებულების ხელმძღვანელობას, თუმცა მათ ბავშვზე ძალადობის ფაქტები ვერ აღკვეთეს.

"აქამდეც ვაპირებდი ბავშვის გადაყვანას, მაგრამ შემაჩერეს, მითხრეს, რომ მოაგვარებდნენ პრობლემას. ვერ მოაგვარეს. ძალიან მეშინია, რადგან მე არ ვარ საქართველოში. პირველი ორი შემთხვევის შესახებ არავის გავაგებინე. ვფიქრობ, ახლა უნდა ჩაერთონ შესაბამისი უწყებები ამ საქმეში, რადგან შესაძლოა იმ ბავშვებსაც სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ჩემმა შვილმა დიდი სტრესი მიიღო", - ამბობს დედა.

საბავშვო ბაღში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქისირებულა და "ესეც შემთხვევით მოხდა".