რუსთავის მერი თვდაცვით ნაგებობებზე

2022-05-06 14:01:07

"დღეს ყველა ვუყურებთ, რომ უკრაინაში ბრძოლები ფრონტის ხაზის მიღმა მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქებში და ქალაქი მზად უნდა იყოს, სამოქალაქო თავდაცვა უნდა იყოს ამისთვის მომზადებული. თუ გვაქვს რაიმე წინსვლა ამ პროცესებთან დაკავშირებით? როგორც ომმა გამოაჩინა, არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის", - ამის შესახებ რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე დავით მეტრეველმა, სკაუტური ცენტრის ხელმძღვანელმა ჰკითხა.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, თავდაცვით ნაგებობებთან დაკავშირებით უკვე წლებია ქალაქში პრობლემა დგას, რაც ნაწილობრივ მოსახლეობის დაუდევრობასთანაცაა დაკავშირებული.

"რა თქმა უნდა, საგანგებო სამსახურთან ერთად, ქალაქს უნდა ჰქონდეს გეგმა მსგავს სიტუაციებში როგორ შეიძლება, რომ გარკვეული რისკები თავიდან იქნას აცილებული. აქ ბევრი პრობლემაა, მათ შორის ბუნკერების, მათ შორის თავდაცვის ნაგებობების, რომელიც წლებია არის პრობლემა. არავის აქტიური ყურადღება ამის მიმართ არ გამოუჩენია და ალბათ უკრაინის ომმა საქართველოში ამოატივტივვა და ყველას გაგვახსენა. მე პირადად, თითქმის ყველა მაქვს ნანახი რა მდგომარეობაშია და არ არის სახარბიელო. ყველაფერს ნუ დავაბრალებთ მთავრობას და მუნიციპალიტეტს, ძალიან ბევრ ადგილზე ღობეა, ძალიან ბევრ ადგილზე ბოსტანია გაშენებული, მოსახლეობის მხრიდან არის აბსოლუტური დაუდევრობა. ბევრი პრობლემა გვაქვს, თქვენც თუ დაგვეხმარებით, მუნიციპალიტეტი მზად ვართ არასამთავრობო სექტორის დახმარებით, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩვენც ჩავერთოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" აღნიშნული თემა არაერთხელ გააშუქა და მკითხველს დეტალურად აჩვენა, სად რა მდგომარეობაშია ქალაქში არსებული თავდაცვითი ფუნქციის მქონე მიწისქვეშა თავშესაფრები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები