ნინო ლაცაბიძე რუსთავში მგზავრობის გაძვირებაზე

2022-03-29 19:38:35

უკვე 10 დღეა, რუსთავის შიდასაქალაქო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი 80 თეთრი გახდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიციაა, რომ ფასების ზრდა თვითნებურია.

"ინფო რუსთავმა" რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს ჰკითხა, რა ზომებს ატარებს მუნიციპალიტეტი, თუკი მგზავრობის ღირებულება კანონიერად არ გაზრდილა.

ლაცაბიძის განცხადებით, პროცედურებისა და კანონის დაცვით, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მუნიციპალური ავტობუსები ჰყავს.

"რუსთავში, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი დავხარჯეთ იმისთვის, რომ ახალი ავტობუსები შეგვეძინა, ასევე ძალიან დიდი თანხები იხარჯება ყოველწლიურად, რომ ამ ავტობუსების შენახვა შევძლოთ. გვყავს გადამზადებული მძღოლები, კონტროლიორები ძალიან მოწესრიგებული, ვზრუნავთ იმაზე, რომ სისუფთავე იყოს ავტობუსებში. დავაყენე wife სისტემა, ასევე ტაბლოები, გაჩერებები და ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობას.

60 000 რუსთაველი სარგებლობს მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით. კიდევ, თუ რაიმე მხარდაჭერა იქნება საჭირო, ჩვენ ამაზეც ვიფიქრებთ და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამართული სატრანსპორტო სისტემა გვაქვს რუსთავში.

რაც შეეხება კერძო სამარშრუტო ტაქსებს, აქ მიდგომა გვაქვს კანონის ჩარჩოში. დავაფიქსირეთ აღნიშნული ფაქტი, სამსახურმა დაიწყო მოკვლევა, გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი და პროცედურულად მივყვებით. რაც ჩვენი გასაკეთებელი იქნება, კანონის ფარგლებში აუცილებლად მოვახდენთ", - განაცხადა ლაცაბიძემ. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები