ხმაური და დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში [video]

2022-03-24 19:18:45

რუსთავის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. [ვიდეო/video]

კომისიაზე ტრანსპორტის ფასზე მსჯელობისთვის შიდასაქალაქო მიკროავტობუსების მძღოლები და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები მიიწვიეს, მაგრამ მათ დარბაზი სხდომის დაწყებისთანავე პროტტი ნინად დატოვეს.

მძღოლების პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე მოითხოვდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ბერიძეს მის მიერ გაკეთებული განცხადებისთვის ბოდიში მოეხადა, ხმაური საკრებულოს დარბაზში სწორედ ამას მოჰყვა.

"საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მგზავრებს მოუწოდა, რომ არ გადაიხადონ ტარიფი, რასაც მოჰყვება დაპირისპირება და მოჰყვა კიდეც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვალდებულია, რომ დაიცვას ის შუა ნაწილი, რაც საზოგადოებას და რუსთაველებს შეეფერება. მაინტერესებს, ნოდარ შეროზია თუ ეთანხმება ამ მოწოდებას, თუ არა და მოუხადონ მძღოლებს ბოდიში და შემდეგ ვისაუბროთ სხვა საკითხებზე.

დღეს, რომ გავიდეთ და ვნახოთ, საწვავი ღირს ვთქვათ 4.20, ხვალ რომ გავიდეთ, ღირს 4.30, ზეგ რომ გავიდეთ, კიდევ იმატებს, ხომ? აქედან გამომდინარე, ფორსმაჟორული სიტუაციაა. ფასი იწევს. კომპანია ვერ შემოიტანდა წერილს და ვერ დაელოდებოდა ამათ, იმიტომ რომ მძღოლების უკან ოჯახები დგას. მარტო საწვავი ხომ არაა, იქ ტექნიკური მომსახურების ფასი გაიზარდა, იქ სათადარიგო ნაწილების ფასი გაიზარდა", - განაცხადა გიორგი ტყემელაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ბერიძის თქმით, ფასების ზრდა უკანონოა და ნებისმიერი უკანონობა უნდა აღიკვეთოს.

"პროფკავშირების განცხადება იყო, რომ მძღოლები არიან უკმაყოფილო, რადგან 80 თეთრამდე გააძვირეს გადასახადი და მოსახლეობა ამ საფასურს არ იხდის ან ვერ იხდის. წინა საკრებულოს სხდომაზე იყო ჩემი განცხადება, რომ ფასების ზრდა უკანონოა. საკრებულოს და მერიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირია. არსებობს წესი იმის, თუ როგორ დგება ფასი, ამ წესის დაუცველად ფასების გაზრდა უკანონოა და ნებისმიერი უკანონობა უნდა აღიკვეთოს. ამისთვის არსებობს ქალაქში ტრანსპორტის სამსახური, რომელსაც უნდა ჰქონოდა რეაგირება დღევანდელ დღემდე. დღეს კომისიის სხდომაზე მოწვეული იყო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც არ გამოცხადდა.

რა თქმა უნდა, საწვავი ძვირდება, მაგრამ იქ არის გონივრული შუალედი, რა შემთხვევაში შეიძლება მოიმატოს ფასმა. დღეს კიდევ გაძვირდა 20 თეთრით საწვავი, მაშინ სადამდე უნდა გაიზარდოს ეს ფასი? მძღოლების ინტერესები უნდა დავიცვათ კანონის ფარგლებში, არ შეიძლება ფასის ზრდა უკანონოდ.

უნდა დადგინდეს, რეალური საფასური რა არის, რამ გამოიწვია ეს ფასნამატი? ეს არის ჩამოყალიბებული კანონი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ფასი გაიზარდოს", - აცხადებს ბერიძე.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე მათი რეკომენდაცია სამუშაო ჯგუფის შექმნა იყო, რაც მძღოლების მხრიდან დარბაზის დატოვების გამო ვერ მოხდა.

"ქართული ოცნებიდან" რუსთავის საკრებულოს დეპუტატის, გიგა ვეფხვაძის განცხადებით,  ჯერ კომისია დახურულ ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, ემსჯელათ წევრებს და კომპანიების წარმომადგენლები შემდეგ მიეწვიათ.

"სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან გაგვაგებინეს რა საკითხი იყო ჩანიშნული, როგორი პროცედურებით უნდა გასულიყო და იყვნენ თუ არა დაბარებული ესათუის სამსახურები. ჩემი პირადი დამოკიდებულება იყო, რომ კომისია ჩატარებულიყო დახურულ ფორმატი, ჩვენ გვემსჯელა და შემდეგ მოგვეწვია ის ხალხი, რომელიც იყო საკმაოდ გაღიზიანებული მოადგილის განცხადებაზე. თუკი მათ ეცოდინებოდათ, რომ სამუშაო ჯგუფში მოდიოდნენ, მე ვფიქრობ, პოზიციები განსხვავებული იქნებოდა, თუმცა შეიძლება ბოდიშის მოხდა მაინც მოეთხოვათ. ვფიქრობთ, რომ მერიასთან ერთად, რა თქმა უნდა, მერიამ უკეთესად იცის, როგორი მგზავრთანაკადია და ჩართულია ამ საკითხში, გავაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას ერთობლივად", - განაცხადა ვეფხვაძემ. 

შეგახსენებთ, უკვე 1 კვირაა რუსთაველები შიდასაქალაქო მიკროავტობუსებით მგზავრობაში 80 თეთრს იხდიან.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები