ცხარე კამათი და დაპირისპირება რუსთავის საკრებულოს სხდომაზე [video]

2022-03-11 18:03:30

რუსთავის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეები ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე აირჩია. [ვიდეო/video]

სხდომაზე "ქართულ ოცნებას" სურდა კითხვები დაესვა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილი კანდიდატებისთვის, რაზეც ენმ-მ უარი განაცხადა.

პროტესტის ნიშნად სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს და თქვეს, რომ მათ აპრობირებული მეთოდის გამოყენებისა და კანდიდატების ხედვების გაგების საშუალება არ მიეცათ.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მარი ლიპარტელიანის განცხადებით, ისინი ვერ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან კანდიდატების კომპეტენციის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ჩვენ გვქონდა ძალიან მარტივი მოთხოვნა, გვინდოდა კითხვები დაგვესვა თავმჯდომარეების კანდიდატებისთვის, რომლებიც აპირებენ გახდნენ იმ კომისიების ხელმძღვანელები, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ ქალაქში სოციალური და ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ და ჩვენდა გასაკვირადაც, მათი მხრიდან მოჰყვა ამას აჟიოტაჟი. ძალიან გაგვიკვირდა, რომ კითვებზე არ ჰქონდათ პასუხი და უფრო მეტიც, მათ ეს ხმაურიანად გააპროტეტეს. შესაბამისად, ვერ დავინახეთ ჩვენი სხდომაზე დარჩენის აზრი იქიდან გამომდინარე, რომ არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია რა კომპეტენციის, რა სამუშაო გამოცდილების ადამიანებისთვის უნდა გვეყარა კენჭი", - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა. 

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნანა შატბერაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მიზანი კენჭისყრის ჩაშლა იყო.

"ქართული ოცნების დღევანდელი მიზანი იყო, რომ კენჭისყრა ჩაშლილიყო. რაც შეეხება შეკითხვების დასმას, ნამდვილად არ არის პრობლემა, რომ დაისვას შეკითვები და პასუხები გავცეთ, თუმცა ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებდა და შესაბამისად, იქ სადაც გამაჩნია ვალდებულება, კომისიური მუშაობის დროს აუცილებლად ყველა შეკითხვაზე იქნება შესაბამისი პასუხი გაცემული", - განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.

სხდომაზე პირდაპირი ეჭვი შეიტანეს უკვე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, ვაჟა მორგოშიას კომპეტენციაში. როგორც მორგოშია აცხადებს, ის პოლიციელი იყო, რაც დღეს "ქართული ოცნებისთვის" სირცხვილად ითვლება.

"ქართულ ოცნებას საერთოდ რა სურდა, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამას. მათ რაც სურდათ, ამ ორი მოწვევის საკრებულოში აკეთეს ეს ყველაფერი და კარგად ეტყობა ქალაქს მათი სურვილები და ნაკეთები საქმე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა და ვაპირებთ ამას მივყვეთ თანმიმდევრულად.

რაც შეეხება ჩემს კომპეტენციას, ქართული ოცნების დეპუტატებს პოლიციაში მუშაობა ბრჭყალებში რომ ვთქვათ, "ეგრეხებათ" და მათთვის სირცხვილია, ეს არის მათი სახე, რაც დღეს ისაუბრეს", - განაცხადა ვაჟა მორგოშიამ. 

სახელისუფლებო გუნდიდან დეპუტატებმა სხდომის ვერ წარმართვაში დაადანაშაულეს საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია. შეროზიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სწორედ იმ დროს დატოვა სხდომათა დარბაზი, როცა ის ცდილობდა მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმებისთვის მიეღწია.

"შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ორ მხარეს შორის. ერთი მხარე აპროტესტებდა კითხვების დასმის შესაძლებლობას, მეორე მხარე ცდილობდა, რომ არ ეპასუხა ამ კითხვისთვის. მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ შევთავაზე ქართულ ოცნებას, რომ წერილობით წარმოედგინათ ეს კითხვა ჩემთვის და მე გამეჟღერებინა, ამ პროცესის განხილვაში რომ ვიყავით, ქარულმა ოცნებამ პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს სხდომა და შემდგომ როგორც გავიგე, დემაგოგიური განცხადებები გაავრცელეს", - განაცხადა შეროზიამ.

რუსთავის საკრებულომ დღეს მხოლოდ ორი კომისიის თავმჯდომარე აირჩია, დანარჩენ სამზე კი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არ წარუდგენიათ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები