ომის მე-5 დღე უკრაინაში

2022-02-28 11:37:18

უკრაინაში საომარი მოქმედებების მეხუთე დღე დაიწყო.

ქვეყანაში მძიმე ღამე იყო. ოკუპანტებმა ალყაში მოაქციეს უკრაინის დედაქალაქი კიევი და მას მთელი ღამის განმავლობაში მაქსიმალური ძალებით აყენებდნენ დარტყმებს.

უკრაინული ძალები კომბინირებულად, ჰაერიდან და ხემელთიდან ძირფესვიანად ანადგურებენ კიევში შეჭრის ნებისმიერ მცდელობას. დედაქალაქმა შემოტევებს ყველა მხრიდან გაუძლო და გავრცელებული ინფორმაციით, მას საფრთხე აღარ ემუქრება. დღეს დილის 8 საათიდან, კიევში უკვე შეეძლებათ გარეთ გასვლა, მაღაზიები გაიხსნება და მეტრო დაიწყებს მუშაობას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელორუსიდან ინტენსიურად გრძელდება კიევის ოლქში რუსული ძალების შემოდინება, რომელთა მიზანია მაქსიმალური გაშლა ქალაქის საზღვრებთან, რათა შეძლონ მისი ბლოკადა.

მძიმე ღამეს გაუძლო მარიუპოლმაც. ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში. ამასთან, ქალაქი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. მოსახლეობის ნაწილი გახიზნულია. ქალაქი ალყაშია და მიმდინარებს მძიმე ინტენსიური ბრძლები.

კიდევ ერთხელ იყო მცდელობა წუხელ რუსულ ძალებს გადაეკეტათ კიევი-ჟიტომირი-ლვივის (ლვოვი) დამაკავშირებელი მაგისტრალი კიევიდან 30 კილომეტრში. დიდი რუსული სამხედრო კოლონა იქნა ამ მიმართულებით განთავსებული. თუმცა ქალაქ მაკარივთან უკრაინული საარტილერიო იერიშის შედეგად რუსული კოლონა განადგურდა და რუსებმა დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. სამოქალაქო თვალსაზრისით კიევი-ჟიტომირის გზა კვლავ არ არის უსაფრთხო.

რუსული საარტილერიო სისტემების მასირებული იერიშები მიმდინარეობდა ღამით ხერსონშიც, თუმცა ოკუოპანტები ვერ ახერხებენ ქალაქში შესვლას და მის აღებას.

რუსებს წინსვლა არ აქვთ არც დონბასში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი გაერთიანებული ოპერაციების ძალები რუსულ-სეპარატისტული შეტევის ყველა მცდელობას უმალვე ახშობენ.

ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვში, თუმცა უკრაინელები იგერიებენ ოკუპანტებს როგორც ხარკოვის ტერიტორიაზე, ისე მის შემოგარენში. შეტაკებები გრძელდება სუმშიც.

რუსული ძალები აკონტროლებენ ჩერნიგოვს, თუმცა კიევისკენ დაძრული ძალების შეფერხება წარმატებით ხორციელდება.

ამ დროისათვის ურთულეს მიმართულებად რჩება ყირიმიდან აღმოსავლეთ შეტევის მიმართულება, რუსები მელიტოპოლის დაკავების შემდეგ შევიდნენ ბერდიანსკში და მიადგნენ ჟიტომირს, უდიდესი საფრთხეა სახელგანთქმული და ძალიან მებრძოლი ქალაქი მარიუპოლი ალყაში მოექცეს.

პარალელურად, ზაპოროჟიეს რაიონში რუსები ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობენ რათა ელ.ენერგიის მომარაგება შეუწყვიტონ უკრაინულ ქალაქებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები