"ერთ დღეს არ ვკარგავთ, რომ ქალაქის მოსახლეობის პრობლემებს მივხედოთ"

2022-02-14 20:06:42

"ქალაქის მერი როდესაც აცხადებს, რომ საკრებულოში შევედი საკითხებით და საკრებულო არ იღებს გადაწყვეტილებასო, ეს არის სიცრუე და მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის",- ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს პირველმა მოადგილემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ალექსანდრე ბერიძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას ქალაქის მერის საპასუხოდ განაცხადა.

ბერიძის თქმით, მიუხედავად ქართული ოცნების მცდელობისა და შანტაჟისა, უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ ვერცერთი ოპოზიციონერი გადაბირება ვერ შეძლეს. რაც შეეხება საკრებულოს ფუნქციონირებას, საკრებულოს თავმჯდომარი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნება ორი თვის განმავლობაში წარმომადგენლობითი ორგანოს გამართულად მუშაობა ხელს უშლიდა.

"ხალხის არჩევანის აღიარებას, რომ საკრებულო ოპოზიციურია, ქართულმა ოცნებამ 3 თვე მოანდომა. ამ ხნის განმავლობაში, მოსახლეობამ კარგად იცის, არ მოგვეცა საშუალება, რომ საკრებულოს სხდომა ჩატარებულიყო. სხდომა უნდა მოეწვია ქართულ ოცნებას, რადგან უხუცესი წევრი მას ჰყავდა. ამ ადამიანს არ მისცეს საშუალება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაენიშნა. ამას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული სამუშაო პირობები არ მოგვცეს და მთელმა რუსთავმა იცის, რომ 16 დეპუტატი კიბეებზე ვიდექით და ველოდებოდით, როდის მოგვეცემოდა თუნდაც სამუშაო ოთახი, რომ საკრებულოს მუშაობა და ფუნქციონირება დაეწყო. ამაში ქართული ოცნება ხელს გვიშლიდა და ამ პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.

მაშინ, როდესაც ქალაქის მერმა განაცხადა, რომ საკითხები იყო შემოსული და მოსახლეობას უთხრა, რომ ვითომ საკრებულოს ბრალი იყო ეს, როდესაც ამოვედი  ერთადერთი საკითხი ქალაქის მუნიციპალური თეატრისთვის სახელის შეცვლის საკითხი იყო შემოსული. სხვა საკითხი ფიზიკურად არ იყო. 

იანვრის ბოლოს შემოვიდა 12 საკითხი, შემიძლია თარიღები გაჩვენოთ.

ქალაქის მერი როდესაც აცხადებს, რომ საკრებულოში შევედი საკითხებით და საკრებულო არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის სიცრუე და მოსახლეობას ძალიან კარგად იცის. იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ნება და არ უნდოდათ დათმობა ყველანაირი შანტაჟით ცდილობდნენ, რომ გადაებირებინათ წევრები და უმრავლესობა შეექმნათ...

თუმცა ვერ შეძლეს, ის რაც გააკეთეს ბათუმში, რადგან ოპოზიცია აღმოჩნდა ერთიანი და მოსახლეობის არჩევანში გარანტორი, რომ რუსთავის საკრებულო იქნებოდა ოპოზიციური. ერთ დღეს არ ვკარგავთ, რომ სხდომიდან სხდომამდე ტექნიკური საკითხები გავიაროთ უმოკლეს დროში და მივხედოთ ქალაქის მოსახლეობის პრობლემებს",- განაცხადა ბერიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები