რუსთავის მერი ქალაქის საკრებულოზე

2022-02-13 16:30:42

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთაველებმა საკრებულო ოპოზიციურ პარტიებს ანდეს და სწორედ მათ უნდა აიღონ საკრებულოს მუშაობაზეც პასუხისმგებლობა.

ლაცაბიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა შემდგომი პოლიტიკური დაპირისპირებების თავიდან არიდების გამო არ დააყენა.

"ეს იყო რუსთაველი მოსახლეობის ნება, რომ არცერთ პარტიას არ ჰქონოდა საკრებულოში უმრავლესობა, ჩვენ ამას პატივს ვცემთ. ძალიან ხშირად მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები და ამბობენ, რომ მათ არ მოუციათ ჩვენთვის ხმა, რადგან უნდოდათ საკრებულო ყოფილიყო მრავალპარტიული, გული სწყდებათ, რომ სამი თვე გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ერთი საკითხი არ გასულა, რომელიც იქნებოდა მოსახლეობაზე ორიენტირებული. ერთადერთი საკითხი, რომელიც არის გასული, მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაა. ამას რუსთაველი ამომრჩეველი ხედავს და შეაფასებს, რომ ოპოზიციური პარტია არჩევნებზე ამბობს ერთს და რეალურად ის, რომ მათ ვითომ გული შესტკივათ რუსთავზე ყველამ კარგად დაინახა, რომ მათთვის არაა პრიორიტეტი ქალაქის განვითარება და წინსვლა...

პირველ სხდომაზე ვნახეთ, რომ ადგნენ და გავიდნენ, რადგან ვერ შეთანხმდნენ ვინ იქნებოდა თავმჯდომარე და ვინ მოადგილე. შემდეგ მთელი რუსთავი ველოდებოდით ამ ადამიანების შეთანხმებას. ბოლოს შეთანხმდნენ და როდესაც კანონის სრული დაცვით ჩაინიშნა საკრებულო, დაიწყეს თანამდებობების გადანაწილება.

მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რატომ არ ავიღეთ არცერთი თანამდებობა. როდესაც უმრავლესობით არ ხარ საკრებულოში წარმოდგენილი, იქ ერთი ან ორი მოადგილე გეყოლება, თუ ერთი კომისია გექნება ამას აზრი არ აქვს. როდესაც რუსთაველებმა ოპოზიციურ პარტიებს ანდეს უმრავლესობა საკრებულოში, პასუხისმგებლობაც საკრებულოს საქმიანობაზე სრულად უნდა აიღონ მათ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას კოალიციამ.

ისევ რუსთავისა და თითოეული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ იქ პოლიტიკურად არ იყოს შეხლა-შემოხლა, კომისიის თავმჯდომარე იყოს ჩვენი, მათი იყოს მოადგილე  და ასე შემდეგ, პოლიტიკურ პროცესებში რომ არ გადაიზარდოს საქმიანი პროცესი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ, სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენთვის თანამდებობა არც წინასაარჩევნოდ ყოფილა მთავარი",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები