აირჩევენ თუ არა 31 იანვარს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს?

2022-01-26 19:41:54

31 იანვარს მე-7 მოწვევის რუსთავის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა ჩაინიშნა.

2 თვიანი პაუზის შემდეგ საკრებულოში შემავალი სამი პარტიის წარმომადგენლები, "ქართულო ოცნების", "გახარია საქართველოსთვის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", შეიკრიბებიან და მთავარი სამსჯელო თემა ისევ თავმჯდომარის არჩევა იქნება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, სხდომამდე ერთი კვირით ადრე, რა მოლოდინები აქვთ საკრებულოს წევრებს, მოახერხებენ თუ არა ამ შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევას, რა პოზიცია ექნებათ და ზოგადად ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებები.

საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნანა შატბერაშვილი აცხადებს, რომ წინასწარ არაფრის თქმა არ სურთ და ყველაფერი ცნობილი 31-ში გახდება.

"დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი არის ის, ჩვენ მივდივართ სხდომაზე და უნდა დავესწროთ. რა პოზიცია გვექნება 31-ში გახდება ცნობილი",- განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.

საკრებულოს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ნოდარ შეროზია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ ჰქონიათ და არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი პარტიული და პირადი ინტერესების გვერდზე გაწევა იქნება.

მისი თქმით, თავმჯდომარეობის კანდიდატურის დაყენებას ისევ აპირებენ, თუმცა ამ შემთხვევაში პარტიაში საბოლოო პოზიციაზე არ არიან ჩამოყალიბებული, რადგან შესაძლოა თავმჯდომარის კანდიდატად ნოდარ შეროზია ან ნათია შელეგია წარადგინონ.

"მოლაპარაკება არცერთ მხარესთან არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა ერთად დავმსხდარიყავით ყველანი და გაგვევლო ეს საკითხები, არცერთმა მხარემ არ გამოთქვა სურვილი.

ჩვენი მიზანია, რომ დაბალანსდეს სიტუაცია. ყველას ერთპიროვნულად უნდა ყველაფერი. არჩეულმა დეპუტატებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ყველა სამსახურსა და მერიას მიეცეთ სრულყოფილი მუშაობის საშუალება. საკუთარ მერსაც ცუდ მდგომარეობაში აყენებენ.

თუ უნდათ კრიზისიდან და ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას მხარდაჭერას ველოდებით ორივე მხარისგან, რომ იქნებ ჩვენმა კანდიდატმა შეძლოს არსებული სიტუაციის დაბალანსება. ერთმანეთთან საუბარი არ უნდათ.

ჯერ არ გადაგვიწყვეტია კანდიდატურის საკითხი, შეიძლება ჩვენი პარტიიდან ნათია შელეგია დავაყენოთ",- განაცხადა შეროზიამ.

"ქართული ოცნების" წევრი, მამუკა რეხვიაშვილი კი ამბობს, რომ თუ 31-ში რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარე ოპოზიციონერი იქნება.

"ჩვენთან თუ არ დალაგდა რომელიმე ოპოზიციური პარტია, თვითონ დალაგდებიან და ამ ქალაქს ბოლო-ბოლო პატრონი ეყოლება იმ გაგებით, რომ მერია შეძლებს მუშაობას და არსებული პროგრამებისა და საქმიანობის გაგრძელება, რომელიც მოსახლეობისთვის აუცილებელია.

დღევანდელ დღემდე გახარიას პარტიასთან რამდენჯერმე შედგა მოლაპარაკება, ჩაიშალა, მერე ისევ შედგა, ეს არის ცოცხალი პროცესი. დღეს თუ არ არის რამე გადაწყვეტილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, არ ნიშნავს, რომ ხვალ არ იქნება",- განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის თქმითვე, წარადგენენ თუ არა "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მას თავმჯდომარის კანდიდატად, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაა და მიმდინარეობს კონსულტაციები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები