ისრაელმა რუსთავს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა [photo]

2022-01-25 17:47:48

ისრაელის სახელმწიფომ და "შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ორგანიზაციამ რუსთავს, გარდაბანსა და მარნეულს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

საუბარია კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, 2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარზე, რომელთა შორისაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო ტანსაცმელი, ნიღბები, ფარები და ნემსები.

სამედიცინო ინვენტარის გადაცემის პროცეს რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი დაესწრო.

"მიხარია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მესამედ ვეწვიე ქვემო ქართლს. ეს წელი ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობის 30 წლის თავს აღვნიშნავთ და ჩემთვის ამ წლის დასაწყებად ქვემო ქართლზე კარგი ადგილი არ არის. როგორც ვიცით, 26 საუკუნის განმავლობაში ებრაელებს საქართველოში ყოველთვის დიდი პატივით ხვდებოდნენ. დღევანდელი ჰუმანიტარული დახმარება არის მოკრძალებული გზა, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართველებს მეგობრობისთვის",- განაცხადა რან გიდორმა.

ისრაელის ელჩი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს, რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს და ასევე გარდაბნისა და მარნეულის მერებსაც შეხვდა და მზადყოფნა გამოხატა სამომავლო თანამშრომლობაზეც.

"სამხარეო ადმინისტრაციაში ვუმასპინძლეთ ისრაელის ელჩს საქართველოში, მან 3 მუნიციპალიტეტს სამედიცინო ინვენტარი გადასცა, რომელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის კოვიდპანდემიასთან ბრძოლისთვის. ეს თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ეს აქტივობა არ იყო პირველი შემთხვევა და, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ისრაელის საელჩოს ინვენტარის გადმოცემისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი აქტიური მუშაობით ძალიან ბევრი სასიკეთო პროექტი განხორციელდება რეგიონში",- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

"შალომ კლუბი ქვემო ქართლი“ რეგიონში ისრაელის მხარის ხელშეწყობით სოციალურ აქტივობებს ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად ახორციელებს - მათ შორის, განათლების  სისტემის მხარდაჭერის მიზნით,  2021 წლის ივნისში მარნეულის სკოლებსა და რესურსცენტრს გადაეცათ პლანშეტები. დეკემბრის თვეში კი მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში დამონტაჟდა ისრაელის მაღალტექნოლოგიური  სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები