რუსთავში ხანძრის დროს დაზარალებული ოჯახები სასტუმროში გადაიყვანეს [video]

2022-01-20 19:21:16

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში ხანძრის დროს დაზარალებული 8 ოჯახი ქალაქის მერიამ დროებით სასტუმრო "გრანდ ვეჯინში" შეასახლა. [ვიდეო/video]

საუბარია 22 ადამიანზე, რომელთა შორის 6 არასრულწლოვანია.

"ხანძრისგან დაზარალებული ოჯახები რუსთავის მერიამ გადმოიყვანა სასტუმროში, რომ მათ სითბოსა და მშვიდ გარემოში შეძლონ დარჩენა. მოვინახულე დაზარალებულები, ყველა არის ჯანმრთელად და კარგად. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რა ზიანი მიადგა თითოეულ ოჯახს. დასკვნის შემდეგ კი მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებებს. მანამდე მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით, რომ თითოეულ ოჯახს აღმოვუჩინოთ დახმარება, იქნება ეს პირველადი მოხმარების ნივთები თუ საკვებით უზრუნველყოფა. მაქსიმალურად შევეცდებით, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ტრაგედია მოხდა, თუმცა მსხვერპლის გარეშე დასრულდა და, ვფიქრობ, რომ ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარებას მერია შეძლებს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც დაზარალებულებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ხანძრის დროს სრულიად დაიწვა ორი საცხოვრებელი ბინა და იქ არსებული ნივთები, ასევე დაზიანდა რამდენიმე.

შეგახსენებთ, ჭყონდიდლის დასახლებაში რჩეულიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და სხვა ბინებში გადავიდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები