რუსთავის საკრებულოში ხმაური იყო.
ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს შენობაში სამართალდამცავები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა გამოიძახეს, რომლებიც აცხადებენ, რომ საკრებულოს დარბაზში შესვლის და იქ სამუშაო ფორმატში შეხვედრის გამართვის საშუალება ისევ არ ეძლევათ.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას ენმ-დან საკრებულოს წევრმა, ნანა შატბერაშვილმა განაცხადა, აპარატის ხელმძღვანელი არჩილ ძამაშვილი კანონის არასწორ ინტერპრეტირებას აკეთებს და დეპუტატებს კანონდარღვევით უზღუდავს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების უფლებას.
რაც შეეხება საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, არჩილ ძამაშვილის პოზიციას, მისი თქმით, იმისთვის რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში რაიმე ღონისძიება ჩატარდეს, საჭიროა წერილობით მიმართონ საკრებულოს თავმჯდომარეს, ბიუროს, კომისიას ან ფრაქციას, თუმცა ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს არცერთი მათგანი არ ჰყავს.
"ცალსახად წერუა საკრებულოს რეგლამენტის მე-11 მუხლში დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი. კერძოდ, ინიციატორი უნდა იყოს შემდეგი სუბიექტები: საკრებულოს თავმჯდომარე, ბიურო, კომისია და ფრაქცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. შესაბამისად მათ ინიციატივის უფლებაც კი არ აქვთ, რომ დააინიცირონ ასეთი საკითხი",- განაცხადა არჩილ ძამაშვილმა.